"სადაზღვევოების მფლობელთა გასაჯაროება ბაზარზე ცვლილებას არ გამოიწვევს"
სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ სადაზღვევო კომპანიებისთვის 1 აპრილიდან მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულების ამოქმედება ბაზარზე ცვლილებას არ გამოიწვევს.
მისი განცხადებით, ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რაც სადაზღვევო კომპანიების მხოლოდ სააქციო საზოგადოების ფორმით არსებობას ითვალსწინებდა.
„ეს მოხდა იმისთვის, რომ ყველაზე გამჭვირვალე სტრუქტურა დაშვებულ სტრუქტურებს შორის არის სააქციო საზოგადოება ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ამიტომ სადაზღვევო კომპანიები, ფინანსური ინსტიტუტები მხოლოდ ამ ფორმით დაიშვებიან. შემდეგი ნაბიჯი უკვე იქნება 1 აპრილიდან მფლობელთა ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება. ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირის მოთხოვნა, ეს არის კორპორატიული მართვის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. ეს ბაზარზე არაფერს შეცვლის. ზედამხედველისთვის ისედაც ყველაფერი ცნობილია, ამიტომ, არ მგონია, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანოს,“ - აცხადებს ხეჩინაშვილი.
ანალოგიურად ფიქრობს სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" გენერალური დირექტორი, ნინა კობახიძეც. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ბაზარზე არაფერს შეცვლის, რადგან სადაზღვევო კომპანიებს ისედაც ჰქონდათ აუდირებული დასკვნების გამოქვეყნების ვალდებულება.
„ინფორმაცია ისედაც არ იყო ხელმიუწვდომელი, აქციონერთა რეესტრში აქციონერები მაინც გვყვავს დარეგისტრირებული. ეს ნაბიჯი ზოგადად, ფინანსური ინსტიტუტების გამჭვირვალობისთვისაა სავარაუდოდ გადადგმული, რათა მათი მფლობელების თანხები იყოს გამჭვირვალე და არ იყოს საეჭვო. ეს ჩვეულებრივი ამბავია,“ - აღნიშნავს კობახიძე.
შეგახსენებთ, გაზაფხულიდან მზღვეველები ვალდებულნი იქნებიან მარეგულირებელს მათი აქციების 10%-ის ან 10%-ზე მეტის უშუალო მესაკუთრის და ასევე ბენეფიციარი მფლობელის შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს.
ამ ინფორმაციას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური საკუთარ ვებ - გვერდზე გამოაქვეყნებს, რის შემდეგაც საჯარო იქნება იმ იურიდიული თუ ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაცია, ვინც ამა თუ იმ სადაზღვევო კომპანიაში 10%-ს ან მეტს ფლობს.