სადაზღვევო სექტორი დასაქმებულებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას ითხოვს
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან თითქმის ცხრა წლის თავზე ექსპერტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ პროგრამაში ძირეული ცვლილებების აუცილებლობაზე. მათ მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ თანხები უფრო მიზნობრივად უნდა განკარგოს და დაზოგილი ფინანსები იმ ადამიანებს მოახმაროს, რომელთა მკურნალობაც დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ასეთი მოქალაქე კი ქვეყანას ათიათასობით ჰყავს. ესენი არიან პაციენტები, რომლებსაც სიცოცხლის გადასარჩენად ან გასახანგრძლივებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ათობით და ასობით ათასი ლარი ესაჭიროებათ. მაგალითად, ბოლო პერიოდში jandacva.ge აქტიურად აშუქებს გაფანტული სკლეროზისა და ფილტვის კიბოს მკურნალობის დაფინანსებაში არსებულ პრობლემებს, ჩვენთან საუბარში ექიმები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პაციენტები აცხადებენ, რომ თანამედროვე მედიცინას აქვს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სიცოცხლის გადარჩენის საშუალებები, რომლებიც მათთვის მიუწვდომელია, რადგან საუბარია ძვირადღირებულ მედიკამენტებსა და თერაპიებზე.
სხვადასხვა იშვიათი და მძიმე დაავადების მკურნალობის დაფინანსების პრობლემა მით უფრო მწვავეა, რაც უფრო ღარიბია ქვეყანა. განვითარებულ სახელმწიფოებში, მოსახლეობისა და სახელმწიფოს ფინანსური სიძლიერისა და განვითარებული სადაზღვევო სქემების პირობებში, ადამიანები კატასტროფული რისკებისგან დაზღვეულნი არიან. მაგალითად, როგორც დაზღვევის ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი ამბობს, შვეიცარიაში დაზღვევა ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა – იქ ღარიბ ადამიანებს სავალდებულო შენატანს სახელმწიფო უხდის, დასაქმებულებს კი ნაწილობრივ – დამსაქმებელი.
ხეჩინაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მსგავსი ღარიბი ქვეყნისთვის წარმოუდგენელია, სახელმწიფომ ყველა მოქალაქის დაავადების მკურნალობა შეძლოს.
თუმცა, მისივე თქმით, ქვეყანას შეუძლია გარკვეული ხარჯების ოპტიმიზაცია და თანხების დაზოგვა, რომლებსაც პრიორიტეტების მიხედვით განკარგავს.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ამოქმედებულ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები ჯერ კიდევ 2017 წელს შევიდა, როდესაც პაკეტები მოქალაქეების შემოსავლების მიხედვით განისაზღვრა. პრინციპი მარტივი და სამართლიანია: ვისაც მეტი შემოსავალი აქვს, მას სახელმწიფომ სამედიცინო მომსახურებებში ნაკლები უნდა გადაუხადოს და რესურსი ყველაზე დაუცველი მოქალაქეებისკენ მიმართოს.
პროგრამის დიზაინის შეცვლის აუცილებლობის შესახებ საუბრები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა. ამის საჭიროებას ხედავენ ჯანდაცვის სამინისტროში, რომელმაც უკვე გადადგა ნაბიჯები იმისკენ, რომ სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხები უფრო მიზნობრივი იყოს და იმ ადამიანებისკენ იყოს მიმართული, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ. მაგალითად, ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობის პერიოდში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ამოღებულ იქნა ბარიატრიის, ანუ კუჭის დაპატარავების ოპერაციების დაფინანსება. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ამ ქირურგიულ ჩარევას ყველა შემთხვევაში არ დააფინანსებს და თუკი პაციენტს აქვს სამედიცინო (და არა მხოლოდ ესთეტიკური) ჩვენება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მიიღოს დაფინანსება დასახელებული ოპერაციის ჩატარებისთვის.
ამისთვის მან რეფერალურ პროგრამას უნდა მიმართოს.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეს საკმარისი არ არის და კიდევ უფრო მასშტაბური ცვლილებები უნდა განხორციელდეს. სადაზღვევო ინდუსტრიის პოზიციაა, რომ სახელმწიფომ დასაქმებულებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავალდებულო საბაზისო დაზღვევა აამოქმედოს. დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ სავალდებულო დაზღვევის მოდელი მსჯელობის საგანია და ერთერთ ვერსიად შესაძლოა განხილულ იქნას სქემა, როდესაც დაბალი ანაზღაურების მქონე დასაქმებულს სადაზღვევო პრემიას ან მის ნაწილს სახელმწიფო გადაუხდის. ხეჩინაშვილის თქმით, დაზღვევის სპეციალისტებმა დათვალეს, რომ მსგავსი სქემა, მისი ამოქმედების შემთხვევაში, 1,5-დან 1,7 მილიონამდე მოქალაქეს შეეხება, სახელმწიფო კი წელიწადში საშუალოდ 120 მილიონ ლარს დაზოგავს.
ეს თანხა ჯანდაცვის სამინისტროს საშუალებას მისცემს, დაფინანსების მეტი შესაძლებლობა შესთავაზოს იმ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებით ესაჭიროებათ სახელმწიფოს ზრუნვა.
ამასთან, სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის განვითარება, რათა მოხდეს დაავადებების საწყის ეტაპზემე მკურნალობა ან პრევენცია, რაც მოქალაქეებს თავიდან აარიდებს ჰოსპიტალიზაციას, სახელმწიფოს კი – სოლიდურ ჰოსპიტალურ ხარჯებს.
საყოველთაო ჯანდაცვის მდგრადობა ეჭვქვეშ დადგება, თუ ხარჯების ზრდის გაკონტროლება არ მოხდება – ასეთი დასკვნა დადეს სპეციალისტებმა, რომლებმაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარეს. არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის’’ მიერ პარტნიორ ორგანიზაცია – ,,მონაცემთა კვლევის ჯგუფთან’’ ერთად 2021 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, ხარჯების ზრდა ის გამოწვევაა, რომელზე რეაგირებაც სახელმწიფოს პრიორიტეტი გახდა, რასაც ბოლო წლებში პროგრამაში განხორციელებული რამდენიმე ცვლილება მოწმობს: დიფერენცირებული პაკეტების შემოღება მოსარგებლეთა სოციალური სტატუსის ან შემოსავლების მიხედვით, 520-ე დადგენილება (ტარიფების გათანაბრება სამედიცინო სერვისებზე), სელექციური კონტრაქტირების დაწყების დაანონსება და ა.შ.
როგორ გაგრძელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების განხორციელება და რა თანხას დაზოგავს ამით სახელმწიფო – ამაზე ათასობით ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა დამოკიდებული. იმ ადამიანების, რომელთა მძიმე დიაგნოზს ვერც კერძო დაზღვევა და ვერც საყოველთაო ჯანდაცვა სრულად ვერ ფარავს.
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ასეთი ადამიანების კატეგორიაში შედიან ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებიც, რომლებსაც თანამედროვე მედიცინა პერსონალიზებული მიდგომითა და იმუნოთერაპიით ეფექტიან მკურნალობას სთავაზობს. თუმცა ამ მეთოდით სარგებლობის შესაძლებლობა მხოლოდ ერთეულებს აქვთ, ვისაც ამის ფინანსური საშუალება გააჩნია.
აშკარაა, რომ სახელმწიფოს აქვს ნება, გაზარდოს სხვადასხვა მძიმე დაავადების მკურნალობის დაფინანსება, რისთვისაც პროგრამის ბიუჯეტის დაზოგვის გზებს ეძებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ცვლილებების ნაბი-ნაბიჯ განხორციელებით წარმატების მიღწევა სავსებით რეალისტურია.
მანამდე კი, ვიდრე სახელმწიფო ყოველწლიურად თანხების მობილიზებას სხვადასხვა გზით ცდილობს, ქვეყანაში ისევ რჩებიან ადამიანები, რომელთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა მათ პირად სახსრებზე, დონორებსა და საქველმოქმედო შენატანებზეა დამოკიდებული.