ფინანსები
25/09/2020

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა

სადაზღვევო კომპანიების სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდის გადავადების შესახებ განცხადება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციიაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.  შეხვედრას ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე უძღვებოდა. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს, აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მოსაზრება,  პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა გააცნო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ბოლოს დაგეგმილი ცვლილების თანახმად, სადაზღვევო კომპანიების საწესდებო კაპიტალის მინიმალური სავალდებულო ოდენობა 4.2 მლნ. ლარიდან 7.2 მლნ. ლარამდე უნდა გაზრდილიყო. აღნიშნული ცვლილების მიზანი კი იყო სადაზღვევო კომპანიების ფინანსური სტაბილურობის ზრდა.

აღსანიშნავია, რომ 15-მდე სადაზღვევო კომპანიამ ზედამხედველობის სამსახურს მიმართა თხოვნით, ცვლილების ძალაში შესვლის გადავადების შესახებ.

როგორც ცნობილია, წარმოდგენილი ცვლილება მიბმული იყო მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღებასთან, რაც სექტორში ბუნებრივად გაზრდიდა ბრუნვას, თუმცა აღნიშნული ცვლილება ძალაში არ შესულა. შესაბამისად, სადაზღვევო ინდუსტრიას დამატებითი შემოსავალი არ მიუღია.

ასევე გასათვალისწინებელია, პანდემიით გამოწვეული სირთულეები, რომელმაც  სადაზღვევო კომპანიების ნაწილს შეუქმნა ფინანსური პრობლემები. შესაბამისად, სადაზღვევო სექტორში მოქმედი ბიზნეს ოპერატორები  იძულებულები არიან ფინანსური რესურსების რეინვესტირება მოახდინონ კომპანიებში.

„პანდემიით გამოწვეული ფინანსური სირთულეების გამო, სადაზღვევო კომპანიებს, ისევე როგორც სხვა ბიზნეს სექტორებს სჭირდებათ მხარდაჭერა და თანადგომა. მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნის გადავადება  არის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც დაეხმარება კომპანიებს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში“ - განაცხადა, ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცვლილება მინიმალურ საწესდებო კაპიტალთან დაკავშირებით ძალაში მიმდინარე წლის ბოლოდან უნდა შესულიყო.