ფინანსები
05/07/2023

სადაზღვევო ბროკერი "ფრანი" გეგმავს, ერთ წელიწადში დაზღვევის ყველა სახეობა მოიცვას

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე პირველი ციფრული ბროკერი „ფრანი“ წლის ბოლომდე პროდუქტების გაფართოებას და სამოგზაურო დაზღვევის შემდეგ ავტომფლობელთა მესამე პირისადმი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ასევე ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის გამოტანას გეგმავს. უახლოესი წლის განმავლობაში კი ის საცალო ბაზარზე არსებულ ყველა სადაზღვევო პროდუქტს მოიცავს.

ამის შესახებ მისმა ერთერთმა დამფუძნებელმა გიორგი ჩაჩუამ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში განაცხადა. მისი თქმით, „ფრანს“ ასევე დაწყებული აქვს მუშაობა კორპორატიული შეთავაზებების კუთხით და ამ მიმართულების პროდუქტებს 2024 წელს დანერგავს.

რაც შეეხება ბაზარზე ახლადგამოჩენილი ციფრული ბროკერის არსებული პროდუქტით - სამოგზაურო დაზღვევით დაინტერესებას, ჩაჩუას თქმით, ამ სერვისით უკვე 300-მდე ადამიანმა ისარგებლა, რაც დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელია.

„დაზღვევის სერვისების გაციფრულება გრძელდება. ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელს შეუძლია შეადაროს სხვადასხვა კომპანიის წინადადება და სასურველი პროდუქტი სამართლიან ფასად მიიღოს. სამოგზაურო დაზღვევა კორპორატიული დაზღვეულების დიდ ნაწილს არ აქვს. ნაწილს კი ეს ლიმიტი ეწურება და დამატებითი პაკეტის შეძენას საჭიროებს. ამასთან, მომხმარებლისთვის „ფრანით“ სარგებლობა მოსახერხებელია, რადგან სადაზღვევო კომპანიასთან საბუთების გზავნაში დროს არ კარგავენ,“ - განმარტა ჩაჩუამ.

ცნობისთვის: „ფრანი“ სტარტაპ-კომპანიაა, რომელმაც ფუნქციონირება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150-ლარიანი გრანტითა და დამფუძნებლების ინვესტიციებით დაიწყო.

ამ ეტაპზე სისტემაში გააქტიურებულია სამოგზაურო დაზღვევა.

როგორც გიორგი ჩაჩუამ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, მსგავსი ფორმატის სერვისი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური ბაზრისთვისაც უნიკალურია, რადგან ესაა არა მხოლოდ სადაზღვევო შეთავაზებების გენერირების რესურსი, არამედ სივრცე, რომელშიც შესაძლოა დაზღვევის პროცესის ყველა საფეხურის გავლა - პაკეტების შედარება, სასურველი შეთავაზებების მოძიება, კალკულაცია, პოლისის შეძენა. მომხმარებელს არ მოუწევს სადაზღვევო კომპანიასთან კონტაქტი, მისგან პოლისის მიღება და ა.შ. ამასთან, სერვისს ექნება ონლაინ-დახმარების ფუნქციაც.

მისი თქმით, მომხმარებელს სერვისით სარგებლობისთვის არანაირი ხარჯი არ ექნება და საკომისიოს სადაზღვევო კომპანია გადაიხდის.

გიორგი ჩაჩუას განცხადებით, ციფრული ბროკერი საქართველოში დაზღვევის კულტურის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ამასთან, როგორც „ფრანის“ დამფუძნებელი ამბობს, ქართული ბაზარი „ინშურტეკის“ მსგავსი  კომპანიებისთვის მცირეა, ამიტომ კომპანია გეგმავს გლობალურ ბაზარზე გასვლას, სადაც, როგორც ჩაჩუა აცხადებს, მსგავსი პროდუქტი არ არსებობს.