ფინანსები
27/02/2023

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ ₾43.64 მლრდ შეადგინა - სებ

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის იანვრის ბოლოსათვის 43.64 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 648.73 მლნ ლარით, ანუ 1.46%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.44%-ით ნაკლები). ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული მონაცემებიდან ირკვევა.

სებ-ის ინფორმაციით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 462.59 მლნ ლარით, ანუ 2.84%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.83%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.11 მლრდ ლარით, ანუ 3.97%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 2.93%-ით).

"დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის იანვრის ბოლოსათვის 45.11 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.21 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.74 პროცენტული პუნქტით).
 
იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.06% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.51%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.07%.
 
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.22%, ხოლო ევროს წილმა 17.06% შეადგინა,"-ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
Businesspartner