საბანკო სექტორმა პანდემიური წელი, შესაძლოა, მოგებით დაასრულოს
„საბანკო სექტორი წლის ბოლოსთვის ზარალიანი აღარ უნდა იყოს,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ეროვნული ბანკის სპეციალიზირებული რისკების დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა.
აკაკი გელაზონიას განმარტებით, შესაძლებელია, რომ სექტორი მოგებაზეც გავიდეს.
„მოსალოდნელია, რომ საბანკო სექტორი წლის ბოლოსთვის ზარალიანი აღარ უნდა იყოს. შეიძლება იყოს უმნიშვნელო მოგებაც. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ სესხის რეზერვებთან დაკავშირებულ ხარჯებს აღარ ველოდებით. მარტში მოსალოდნელი რისკებიდან გამომდინარე, ადეკვატური რეზერვებია შექმნილი,“ - განმარტა გელაზონიამ.
მისივე ინფორმაციით, საბანკო სექტორი კვლავ ზარალზეა, მაგრამ პანდემიის დაწყების შემდეგ ზარალი მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
„თავდაპირველად საბანკო სექტორის ზარალი გამოიწვია იმან, რომ პანდემიის დასაწყისში ბანკებს მოუხდათ მოსალოდნელი ზარალების ერთბაშად აღიარება, თუმცა შემდეგი პერიოდის მომგებიანობის ხარჯზე ეს ზარალი სექტორმა შეიმცირა,“- განმარტა ეროვნული ბანკის სპეციალიზირებული რისკების დეპარტამენტის უფროსმა.
შეგახსენებთ, რომ საბანკო სექტორი სექტემბერშიც მოგებაზე გავიდა და ზარალი 65 მლნ ლარით შეუმცირდა. 1 ოქტომბრის მდგომაროებით ზარალი 252 მლნ ლარს მცირედით აღემატება.