ფინანსები
30/06/2021

სააგენტო: საპენსიო ფონდში მონაწილეთა დანაზოგების ღირებულება 24.3%-ით გაიზარდა

საპენსიო სააგენტო საპენსიო ფონდში მონაწილეების დანაზოგების ღირებულების ზრდაზე აცხადებს. 

სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპენსიო ფონდში დაგროვების დაწყების დღიდან (2019 წლის 1 იანვრიდან) დღემდე მონაწილეების დანაზოგების ღირებულება (საპენსიო შენატანების გამორიცხვით) 24.3%-ით გაიზარდა. იმ დროს, როდესაც აღნიშნულ პერიოდზე ინფლაცია იყო 18.5%, ხოლო ლარის გაუფასურება 17.8%.

"შესაბამისად, მონაწილეების დანაზოგების ღირებულების წლიური საშუალო ზრდა (საპენსიო შენატანების გამორიცხვით) იყო 9.1%, იმ დროს, როდესაც ლარის საშუალო წლიური გაუფასურება იყო 6.8%, ხოლო საშუალო წლიური ინფლაცია 7.2%. საპენსიო ფონდის მიმდინარე წლიური ეფექტური შემოსავლიანობა არის 11.1%, იმ დროს, როდესაც მიმდინარე წლიური ინფლაცია არის 7.7%,", - განმარტებულია სააგენტოს განცხადებაში.

2021 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში 1.159 მლნ მონაწილეა; საპენსიო აქტივების მოცულობა კი 1.51 მლრდ ლარს აღწევს, მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 166 მლნ ლარია. დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 873-მა ადამიანმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 10 000 პირს შეადგენს. 

შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტო დანაზოგების საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებისთვისაც ემზადება. სააგენტოში დარწმუნებულნი არიან, რომ გრძელვადიან პერიოდში თანხებზე დარიცხული მომგებიანობა დღეს არსებულ 11%-ზე მეტი იქნება.