ფოტო: AP/Mark Lennihan
ფინანსები
07/03/2022

რუსეთში გაცემულ VISA და Mastercard ბარათებს საქართველოში მოქმედი ობიექტები ვეღარ მოემსახურებიან

საქართველოში მოქმედი სავაჭრო ობიექტები ვეღარ მოემსახურებიან რუსეთის ტერიტორიაზე გაცემულ VISA და Mastercard ბარათებს, - განცხადებას საქართველოს საბანკო ასოციაცია ავრცელებს.

ასოციაციის განმარტებით, მიზეზი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში VISA და Mastercard-მა შეწყვიტეს რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების მომსახურება. 

"შედეგად, ერთის მხრივ,  რუსეთის ტერიტორიაზე გეცემული  VISA და Mastercard ბარათები არ იმუშავებს საზღვარგარეთ. ხოლო, მეორეს მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე არ იმუშავებს სხვა ქვეყნებში გაცემული VISA და Mastercard ბარათები.

დღეიდან, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებში და პოსტერმინალებში შეუძლებელი ხდება რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება - აღნიშნული ბარათების მფლობელები ვერ შეძლებენ თანხის განაღდებას და/ან ბარათით სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში გადახდას.

ანალოგიურად, საქართველოში მოქმედი სავაჭრო ობიექტები ვეღარ მოემსახურებიან რუსეთის ტერიტორიაზე გაცემულ VISA და Mastercard ბარათებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ეზღუდებათ სხვა ქვეყნის ტერიტორიზე გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენებაც", - განმარტავს ასოციაცია.