ფინანსები
16/09/2020

როგორ ცდილობს სებ-ი ლარის კურსის შენარჩუნებას - კობა გვენეტაძის განმარტება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით,პანდემია მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე უპრეცედენტო გავლენას ახდენს. საქართველოს შემთხვევაში ეს ძირითადად, ტურიზმის ხაზით აისახა.

„ვგულისხმობ, ტურიზმიდან შემოსავლების დანაკლისს. პანდემიის უართოფითი შედეგების გასანეიტრალებლად, ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა კრიზისის გასანეიტრალებლად, პანდემიის დაწყებიდან ძალიან მალე დაიწყო  მოლაპარაკებები და როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ასევე ორმხრივი დონორებისგან საკმაოდ დიდი დახმარება მოიზიდა. 

ეს თანხები გამოიყენება იმისათვის რომ მხარი დაეჭიროს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს და მოსახლეობის სოციალური დახმარებებიც იყოს გაცემული.

რაც შეეხება დახმარებას, მათი მოზიდვა ხდება უცხოურ ვალუტაში და ხარჯვა - ეროვნულ ვალუტაში. მოზიდული სახსრები უცხოური ვალუტის ეროვნული ბანკის რეზერვებში მიემართება, ზრდის ეროვნული ბანკის რეზერვებს, შემდეგ კი ეროვნული ბანკი ეტაპობრივად აწვდის სავალუტო ბაზარს შემცირებული  ტურისტული შემოსავლების დასაბალანსებლად, არსებული  წნეხის ნაწილობრივ შესამცირებლად“-აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ონლაინ- ბრიფინგზე ლარის კურსის რყევის შეფასებისას განაცხადა, სებ-ის ინტერვენციები წლის ბოლომდე 200 მილიონს გადააჭარბებს.მისივე განმარტებით,აღნიშნული ინტერვენციები იმ დანაკლისის პირობებში იქნება, რაც საქართველომ პანდემიის ფონზე განიცადა.
 
ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლარის კურსის დასასტაბილურებლად, ეროვნული ბანკი დღეს 40 მილიონს გაყიდის.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე, დაპირებისამებრ უფრო აქტიურადაა წარმოდგენილი. სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 13 მარტიდან დღემდე $380 მლნ გაყიდა.