ფინანსები
09/10/2020

რეგიონის ფასიანი ქაღალდებისათვის სექტემბერი რთული თვე აღმოჩნდა - G&T

რეგიონის ფიქსირებული შემოსავლის ფასიანი ქაღალდებისათვის სექტემბერი საკმაოდ რთული თვე აღმოჩნდა.სს „გალტ & თაგარტის“ რეგიონის ობლიგაციების ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 5-თვიანი ზრდის შემდეგ სექტემბერში განვითარებადი ბაზრებიდან კაპიტალის გადინება მოხდა. საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის მონაცემებით, სექტემბერში განვითარებადი ბაზრების სასესხო ინსტრუმენტებში $12.9 მილიარდის ინვეესტირება მოხდა, ხოლო $10.8 მილიარდის კაპიტალი გაიყიდა, აქედან $4 მილიარდი ჩინური აქციები იყო.

ეს ტენდენცია აუარესებს დაფინანსების პირობებს და უფასურდება ადგილობრივი ვალუტები. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში თურქეთის ლირა რეგიონის ვალუტებს შორის ყველაზე მეტად, 5.1%-ით გაუფასურდა. გაუფასურების შესაჩერებლად, 24 სექტემბერს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 2%-ით გაზარდა, რაც ეწინააღმდეგება თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაბალი საპროცენტო განაკვეთების რიტორიკას.

სექტემბრის ბოლოს კავკასიის რეგიონში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და მთიან ყარაბაღში დაწყებული კონფლიქტი აისახა შესაბამისი ობლიგაციების შემოსავლიანობაშიც. გასაკვირი არ არის რომ სექტემბერში სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ობლიგაციებზე შემოსავლიანობა გაიზარდა, შესაბამისად 132სპ და 107სპ-ით. რეგიონის სხვა ევროობლიგაციებიდან რუსეთმა (1.4% YTM; 110.0 ფასი) შედარებით უკეთესი შედეგები აჩვენა სექტემბერში, შემოსავლიანობა მხოლოდ 15სპ-ით გაიზარდა, რომელსაც KAZAKH 24 (1.5% YTM; 109.2 price) და UZBEK 24 (3.1% YTM; 105.4 price) მოსდევდა, რომელთა შემოსავლიანობა შესაბამისად 21სპ და 24სპ-ით გაიზარდა. დანარჩენ ობლიგაციებზე შემოსავლიანობა 55-100სპ-ით გაიზარდა, მათ შორის საქართველოს ევროობლიგაციის შემოსავლიანობა 66სპ-ით გაიზარდა სექტემბერში.


რეგიონალური ცენტრალური ბანკებიდან მხოლოდ უზბეკეთის და სომხეთის ცენტრალურმა ბანკებმა შეამცირეს პოლიტიკის განაკვეთი, -100სპ-ით 14.00%- მდე და -25სპ-ით 4.25%-მდე, შესაბამისად. ამასთან, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო ლირის გაუფასურების შესაკავებლად და გაზარდა პოლიტიკის განაკვეთი 200სპ-ით 10.25%-მდე. სხვა ცენტრალურმა ბანკებმა საპროცენტო განაკვეთები არ შეცვალეს.