რეფინანსირების სესხებიდან სებ-მა 172 მლნ-მდე საპროცენტო შემოსავალი მიიღო
რეფინანსირების სესხები შემცირდა, ნაშთი 2,7 მლრდ ლარს შეადგენს. სებ-ის ინფორმაციით, 21 ივლისს აღებულ კრედიტს ბანკები 28 ივლისს დააბრუნებენ. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაშთი 1,4-ჯერ გაზრდილია.
ზრდა აპრილიდან აღინიშნება, მას შემდეგ, რაც სვოპ ინსტრუმენტი გაუქმდა, რომლითაც სებ-ი 2020-ის აპრილიდან ბაზარს, ვალუტის სანაცვლოდ, ლარის ლიკვიდობას აწვდიდა (მაქსიმალური ლიმიტი: $400 მლნ; ვადა - 1 თვე, 1 წლით 12 ჯერ განახლების უფლებით).
რეფინანსირების სესხებით „ბანკების გაზარმაცებისთვის“ სებ-ის პრეზიდენტს ექსპრეზიდენტმა რომან გოცირიძემ უსაყვედურა. ბანკებს დეპოზიტარებისგან ფულის მოზიდვა აღარ უღირთ. დეპუტატმა ვალუტაში უკიდურესად დაბალ საანაბრე განაკვეთზე მიანიშნა, 1%-ზე ნაკლები სარგებლით საქართველო ევროპას უთანაბრდება, თუმცა სასესხო განაკვეთებით ბევრით არის აცდენილი. ჩვენთან საანაბრე განაკვეთის სასესხოს არ გადაეცემა, მარჟა ძალიან მაღალია.
გოცირიძის თქმით, შრომით ნაშოვნი ფული ბანკებს აღარ უნდათ, რადგან რეფინანსირების სესხებით სებ-ი მათ სრულად აკმაყოფილებს. „დაუმატეთ ამას საპენსიო ფონდის ფული, 2 მლრდ-ზე მეტი სებ-ის, ნაშთები, ამხელა მილიარდები მიდის ლარიდან, ლარის სესხები იზრდება და ამაყობთ ლარიზაციით“, - გოცირიძემ აღნიშნა, რომ ლარიზაციის დიდი და მთავარი წყარო არის სახელმწიფო ფული.
რეფინანსირების სესხებიდან, სებ-მა 2021 წელს 172 მლნ ლარამდე საპროცენტო შემოსავალი მიიღო. წლის მოგება 416 მლნ ლარია, საიდანაც 60 მლნ სებ-ის სარეზერვო ფონდში მიემართა. რაც ზღვრული განაკვეთით სარეზერვო ფულის 5%-ით განისაზღვრება. 2022 წელს ბიუჯეტში სებ-ი 250 მლნ -ის შეტანას გეგმავს, რაზეც სებ-ის ვიცე-პრეზოდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა კომიტეტზე განაცხადა.