ფინანსები
13/10/2020

რეფინანსირების სესხები 200 მლნ-ით არის გაზრდილი

ცენტრალური ბანკის მიმოხილვით, ბანკების დავალიანება 2.3 მლრდ (რეფინანსირების და 1-თვიანი სესხების ნაშთის ჯამი) ლარამდეა გაზრდილი. 1 ოქტომბრის მდგომარეობით, რეფინანსირების სესხების ნაშთი 1.9 მლრდ ლარია (01.09.2020 – 1.7 მლრდ).

სებ-ის განმარტებით, ლიკვიდობის მართვის ეს ინსტრუმენტი პირდაპირ კავშირში არ არის ინტერვენციასთან, თუმცა კავშირშია ფულზე მოთხოვნასთან, რომელიც თავის მხრივ კავშირშია ინტერვენციასთან. სებ-მა ამ 2 ინსტრუმენტის ფუნქციური განსხვავება „ურწმუნო" ექსპერტებს ბევრჯერ განუმარტა, მაგრამ მაინც არ უჯერებენ.

რეფინანსირება მხარს უჭერს ერთი ლიკვიდური აქტივის გადაქცევას მეორე ლიკვიდურ აქტივად. მაგ: ფასიანი ქაღალდის გადაქცევა ნაღდ ფულად. რეფინანსირების  სესხით სებ-ის სექტორს ლიკვიდობას აწვდის, ინტერვენციით კი მიმოქცევიდან ლარი ამოაქვს, ბოლო $30 მილიონით 96 მლნ ლარზე მეტი ამოიღო ($1/₾3.217 კურსით), მარტში უფრო იაფი უჯდებოდა  $30 მლნ-ით 100 მლნ ლარზე მეტი ამოიღო (კურსი $1/3.4563 ლარი).

ყველაფერი კავშირშია, მათ შორის დეპოზიტებიც, რადგან სებ-ში დასარეზერვებელია. სებ-ის მიმოხილვით ბანკების დეპოზიტებზე 5.9 მლრდ ლარია, მათ შორის ₾5.2 სავალდებულო რეზერვები.

Businesspartner