ფინანსები
06/02/2023

რეფინანსირების სესხები 1.3 მლრდ-მდე შემცირდა

სებ-ის სტატისტიკით, სამთავრობო ოპერაციებით საბანკო სისტემას დეკემბერ-იანვარში ლიკვიდობა 90 მლნ ლარით გაეზარდა. მ.შ. 2022-ის ბოლო საანგარიშო თვეს, სებ-მა მთავრობას $67 მილიონი დაუკონვერტა.

სებ-ის ინფორმაციით (თვის მიმოხილვა) მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით ($ 68.8 მლნ) და BMatch -ზე სებ-ის შესყიდვებით ($91.4 მლნ) დეკემბერში წმინდა უცხოური აქტივები $160 მილიონით გაიზარდა. ნაღდ ფულზე 269 მლნ ლარით გაზრდილი მოთხოვნა, იანვარში 295 მლნ-ით შემცირდა

იანვარში რეფინანსირების სესხების ნაწილი ჩაიხურა. ნაშთი 1.1 მლრდ ლარით 1.3 მილიარდამდეა შემცირებული. (დეკემბერში 570 მლნ ლარით, ₾ 2,4 მლრდ-მდე გაიზარდა)*.

თანდათან რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა შემცირდება. კომერციული ბანკებისთვის დაფინანსების წყაროები დივერსიფიცირდება. შემოდის იპოთეკური ობლიგაციები (კანონი 2022 -ის მიწურულს მიიღეს).

სებ-ი გირაოს ბაზას ავიწროებს. რომელიც ამ დროისთვის რამდენიმე სახეობის აქტივით შედგება: სებ-ის და მთავრობის ემიტირებული ფასიანი ქაღალდები, ასევე  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები და კომერციული ბანკების სასესხო აქტივები, საიდანაც  ცვლადგანაკვეთიანი  კრედიტების პორტფელი გირაოში  გაზაფხულიდან აღარ ჩაიდება.

ცვლადგანაკვეთიანი სესხები კი კვლავ რეფინანსირების  განაკვეთზე (11%) მიბმული დარჩება, TIBR-ს მიებმება თუ სხვა ინდექსს, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ან შემდეგი პრეზიდენტი გამოაცხადებს. იმასაც იტყვის რა სარგებლობას მოუტანს მომხმარებელს, სესხს გაუძვირებს თუ გაუიაფებს.

მომხმარებლის დაცვის სებ-ის სტრატეგია, რადგან ქამრის შემოჭერაზეა აგებული, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებულ მსესხებელს, სასესხო ტვირთი მეტად აღარ დაუმძიმდება (პირობები არ შეეცვლება). პოტენციური მსესხებლის ნაწილს კი მოლოდინი გაუცრუვდება (სესხი არ დაუმტკიცდება), თუ შემოსავალი  გაზრდილი განაკვეთის მომსახურების საშუალებას არ მისცემს (როგორც იცით ბაზარი სასესხო განაკვეთების გაზრდას ელის). 

*რეფინანსირების სესხებიდან,  სებ-მა  2021 წელს 172 მლნ ლარამდე  საპროცენტო შემოსავალი მიიღო. 

 

Businesspartner