ფინანსები
13/06/2023

"რატომ უნდა იზღუდებოდეს ასეთი პროგრამის შეძენა, გაუგებარია" – "არდის" დირექტორი "დაშენებულ პაკეტებზე"

სამედიცინო სერვისებზე ფასების ზრდა თითქმის ყოველ წელს ხდება. გარდა ამისა იზრდება მომართვიანობაც, ანუ დაზღვევით სარგებლობის სიხშირე, რაც დამატებით წნეხია სადაზღვევო პრემიაზე. ეს დინამიკა ჯერჯერობით მზარდია და არც კი შეინიშნება შენელების ტემპი.

ამის შესახებ jandacva.ge-ს სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ, სადაზღვევო სექტორში არსებულ ტენდენციებზე საუბრისას განუცხადა.

კითხვაზე, რატომ არ ჩქარობს ჯანდაცვის სამინისტრო „დაშენებული“ პაკეტების შეძენის უფლების ყველა მოქალაქისთვის მიცემას და ხომ არაა ამის მიზეზი ის, რომ ასეთ შემთხვევაში პირველი რიგის გადამხდელი სახელმწიფო იქნება - ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს არგუმენტი გაუგებარია.

„ეს არგუმენტი გაუგებარია, რადგან დაშენებული პაკეტი გულისხმობს იმ სერვისების დაფინანსებას, რომელიც საერთოდ არ შედის მათ დაფარვებში ან იმაზე მეტ, დამატებით ლიმიტს ვიდრე საყოველთაო ჯანდაცვა ფარავას. სწორედ ამიტომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ზემოდან, დამატებით მომხმარებლის მიერ თავისუფალი არჩევანის პირობებში ასეთი პროგრამის შეძენა რატომ უნდა იზღუდებოდეს გაუგებარია,“ - აღნიშნა „არდის“ ხელმძღვანელმა.

jandacva.ge ასევე დაინტერესდა  მიხეილ ჯაფარიძის პოზიციით კონკურენციის სააგენტოს იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც ჰოლდინგების დაშლას ეხება.

„არდი ზოგადად მიესალმება კონკურენციის სიჯანსაღის ხელშეწყობას და თავისუფალი საბაზრო პრინციპების დაცვას. ჩვენ გვჯერა იმის, რომ კარგი პროდუქტი და ორგანიზაციული კულტურა ყოველთვის კონკურენტუნარიანია. რაც უფრო მეტი პრაქტიკული (და არა ბიუროკრატიული) რეგულაცია იქნება, რომელიც კონკურენციის შეზღუდვის მიზეზს აღმოფხვრის, მით უკეთესი, თუმცა ამ ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულებისას შედეგზე რეაგირებაში არ უნდა დაიკარგოს დრო. შედეგის ნაცვლად მიზეზი უნდა გასწორდეს. ეს კი გრძელვადიანი, თუმცა ეფექტური გზაა,“- აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.

Businesspartner