რატომ შემცირდა საქართველოს სავალუტო რეზერვები - Galt and Taggart-ის განმარტება
აგვისტოში სავალუტო ფონდისგან მიღებული სარეზერვო აქტივების წყალობით, საქართველოს სავალუტო რეზერვების ზრდის შემდეგ, სექტემბერში მაჩვენებელი მცირედით შემცირდა.
სებ-ის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 4.076 მლრდ დოლარია, წლიურად მაჩვენებელი $312 მლნ-ზე მეტად (8.3%) არის გაზრდილი, წინა თვესთან შედარებით კი 40 მლნ დოლარით (1%) არის შემცირებული.
Galt and Taggart-ის ახსნით ეს ცვლილება ეროვნული ბანკის მიერ სექტემბერში სავალუტო აუქციონზე 60 მლნ დოლარის გაყიდვას უკავშირდება. იქვე ნათქვამია, რომ რეზერვების სხვა ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, და/ან აქტივების გადაფასებას.
მთლიანი რეზერვებიდან უცხოური ვალუტის რეზერვები $3.6 მლრდ-ია.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ IMF-ისგან $286 მლნ-ის (202 მლნ SDR) სარეზერვო აქტივი მიიღო, რის შედეგადაც აგვისტოში ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა.
პანდემიის ფონზე სებ-ს საერთაშორისო რეზერვების აქტიური ხარჯვა უწევს. წლის დასაწყისიდან დღემდე სავალუტო აუქციონზე 333 მლნ დოლარი გაყიდა.
COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, სებ-მა 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა.