ბიზნესი
06/06/2023

ზურაბ ბაქრაძე: სარესტორნო სექტორში ზრდა არის იმაზე მაღალი, ვიდრე წარმოგვედგინა

„საბედნიეროდ, სარესტორნო სექტორში ზრდა არის იმაზე მაღალი, ვიდრე წარმოგვედგინა,"-ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  „ზალა“ რესტორნის მფლობელმა განუცხადა. ზურაბ ბაქრაძის თქმით, სექტორი იმ ნიშნულებზე გასვლას, რომელზეც ახლა იმყოფება 2024 წლის ზაფხულისთვის ელოდა, თუმცა პროცესები დაჩქარდა.

„ზაფხულში კიდევ უფრო მეტად ველოდებით ტურისტების მატებას. ადგილობრივი მომხმარებლების რაოდენობაც მომატებულია, ასევე გაზრდილია  საშუალო ქვითარის რაოდენობა თითოეულ ადამიანზე. ეს არ არის იქიდან გამომდინარე,რომ რესტორნებში ფასების ზრდა მოხდა 20-დან 30%-მდე. ზოგადად, ერთეულ მაგიდაზე შერჩეული მენიუს მიხედვით არის ეს ანალიზი გაკეთებული.“-აღნიშნა ზურაბ ბაქრაძემ.

მისივე თქმით, სეზონური პროდუქტების გარდა, სხვა სასურსათო პროდუქტზე ფასების კლება ნაკლებად შეინიშნება.

„მართალია, ზოგადად გარემო არის ძალიან არაპროგნოზირებადი და ძნელია გააკეთო კონკრეტული ანალიზი, თუმცა თუ გადავხედავთ ტენდენციას, აპრილიდან იწყება ხოლმე ფასების კლება. ამ ეტაპზე ეს არ შეინიშნება გარდა სეზონური პროდუქტებისა. თუმცა, გაცხადებული სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე,  მგონია, რომ დაწესდება რაღაც გარკვეული რეგულაციები სასურსათო პროდუქტთან დაკავშირებით და ფასები შემცირდება, რაც ავტომატურად სარესტორნო ბიზნესის ფასებზეც აისახება.  პანდემიის შემდეგ 20-30 პროცენტით არის  მენიუში კერძების ფასები გაზრდილი,  ეს ძირითადად ეხება ხორცპროდუქტებს, რადგან ხორცის ფასი არის კატასტროფულად მაღალი,"-აღნიშნა ზურაბ ბაქრაძემ.

 

 

Businesspartner