ეკონომიკა
07/09/2021

საქართველომ IMF-ისგან $286 მლნ-ის სარეზერვო აქტივი მიიღო

საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (IMF) $286 მლნ-ის (202მლნ SDR) სარეზერვო აქტივი მიიღო.

საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ეს ოპერაცია ზრდის ქვეყნის მთლიან საერთაშორისო რეზერვებს და კრიზისის წინააღმდეგ ფინანსურად უფრო მდგრადს ხდის.

"SDR-ის ფლობა ქვეყანას საშუალებას აძლევს საერთაშორისო რეზერვების შესავსებად უფრო ძვირადღირებული საშინაო ან საგარეო ვალის აღება შეამციროს და არის ქვეყნის უპირობო ვალდებულებაა. იგი საგადასახდელო ბალანსის აქტივებში აღირიცხება, ერთი მხრივ, როგორც სარეზერვო აქტივი, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც გრძელვადიანი ვალდებულება", - განმარტავენ სებ-ში.

შეგახსენებთ, რომ IMF წევრი ქვეყნების ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობისა და კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით, წელს ნასესხობის სპეციალური უფლების (SDR - Special Drawing Rights) განაწილების ახალი წესი დაამტკიცა და ქვეყნებს შორის 650 მლრდ აშშ დოლარის (დაახლოებით 456 მლრდ SDR) გადანაწილება გააკეთა.

650 მლრდ აშშ დოლარიდან დაახლოებით 275 მლრდ აშშ დოლარი (დაახლოებით 193 მლრდ SDR) განვითარებად ეკონომიკებში, მათ შორის დაბალშემოსავლიან ქვეყნებში განთავსდა. 

SDR - ის აღნიშნული განაწილება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წევრი ქვეყნებისთვის, მიმდინარე პანდემიური ვითარების და გლობალური კრიზისის დაძლევის პროცესში, გამოხატული მნიშვნელოვანი მხარდაჭერის დასტურია. ასეთი განაწილებები მსოფლიოს ფინანსურ სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტან მოვლენებად განიხილება.

წინა მსგავსი განაწილება 2009 წელს მოხდა, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნებისთვის 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად 250 მლრდ აშშ დოლარის ექვივალენტი SDR განათავსა. განაწილების ამ რაუნდის დროს, საქართველომ 144 მლნ SDR (225.5 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი) მიიღო.