რატომ იყო "ჯიპიაი“ საზედამხედველო კაპიტალის ზრდის გადავადების წინააღმდეგი
სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა.
რა შესაძლებლობას მისცემს ეს გადაწყვეტილება სადაზღვევო კომპანიებს, ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორმა თინა სტამბოლიშვილმა ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, კაპიტალის ზრდის გადავადება „ჯიპიაი ჰოლდინგს“ არ მოუთხოვია და ის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო. სტამბოლიშვილის განცხადებით, „ჯიპიაის“ აქციონერების გადაწყვეტილებით, 2019 და 2020 წლებში 3-ჯერ მოხდა კაპიტალის ზრდა და ამ მოთხოვნას კომპანია მიმდინარე წელსაც დააკმაყოფილებს.
„შესაბამისად, მსგავსი "შეღავათი" არასამართლიანი მიდგომაა, რადგან გავრცელდება პატარა და სუსტ კომპანიებზე. ის ბაზრის სტაბილურობაზე დადებითად ვერ აისახება, რადგან ფინანსური სტაბილურობა სადაზღვევო სექტორისთვის გადამყვეტია.
ამასთან, რადგან მთლიანად სექტორზე არ არის გათვლილი, გვერდზე რჩება უფრო სერიოზული პრობლემები. ჩვენი მოსაზრება იყო, რომ ისეთ ინიციატივაზე გვეფიქრა, რაც ამ კრიზისის დაძლევაში დაგვეხმარობდა ყველას და არა ცალკეულ კომპანიებს,“ - აცხადებს თინა სტამობოლიშვილი.
როგორც ცნობილია, სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა 2021 წლის ბოლომდე გადავადდა. სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი ამ დროისთვის 4,2 მლნ ლარია, ზრდა წლის ბოლომდე 7,2 მლნ ლარამდე იყო დაგეგმილი.