ფინანსები
29/03/2021

რამდენით და ვინ ვაჭრობს BMatch პლატფრომაზე

BMatch პლატფორმაზე ამ დროისთვის 23 სუბიექტი მონაწილეობს, მათ შორისაა საქართველოს ეროვნული ბანკი, 15 კომერციული ბანკი, 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, 2 ქართული არასაბანკო კომპანია და 1 საერთაშორისო საინვესტიციო ფონდი.

BMatch პლატფორმა ბლუმბერგის სისტემაში 2020 წლის მარტიდან ამოქმედდა. ამ პერიოდიდან 2021 წლის 25 მარტის ჩათვლით, BMatch-ზე დაიდო 4621 გარიგება - საერთო მოცულობით 608,3 მლნ დოლარი.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებები მხოლოდ BMatch პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს ეფუძნება.

Bmatch პლატფორმა რამდენიმე ძირითად პირობას ემყარება:

გარიგებები იდება სტანდარტული პირობებით - ერთიდაიგივე ანგარიშსწორების თარიღით და არსებობს გარიგების მინიმალური ოდენობა;

გარიგება იდება ავტომატურად მყიდველისა და გამყიდველის კურსის თანხვედრის შემთხვევაში, რაც უზრუნველყოფს გარიგების დადებას კონკრეტულ მომენტში არსებული საუკეთესო კურსით;

პლატფორმაზე განთავსებული ყიდვა-გაყიდვის განაცხადები ანონიმურია, მანამ სანამ პლატფორმის მიერ არ მოხდება გარიგების ავტომატური რეგისტრაცია;

პლატფორმის მონაწილეები თავად განსაზღვრავენ მათთან გარიგებაში დაშვებულ კონტრაგენტებს და სავაჭრო ლიმიტებს;

სწორედ ახალი პლატფორმის უპირატესობებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებები მხოლოდ ბლუმბერგის სისტემის - Bmatch პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს დაეფუძნოს.