ფინანსები
29/03/2023

რა შემთხვევაში შეამცირებს სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას - მესტვირიშვილის განმარტება

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ინფლაციას გააჩნია მკვეთრად გამოხატული შემცირების ტენდენცია. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეს შემდეგ თვეებშიც გაგრძელდეს,  წლის მეორე ნახევარში კი ინფლაცია მიზნობრივზე ქვემოთ იყოს.  

მისივე ინფორმაციით, ინფლაციის შემცირების ტენდენციას ხელს უწყობს როგორც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ისე საგარეო ფაქტორები.მისივე განცხადებით, ჯერ კიდევ მაღალი რჩება  ადგილობრივი ინფლაცია. 

„ჩვენ ახლა ველოდებით, რომ საგარეო ფაქტორების მილევასთან ერთად, ადგილობრივი ინფლაციაც დაიწყებს შემცირებას, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ დავიწყოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა,“-აღნიშნავს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი.

მესტვირიშივლი  რამდენიმე ფაქტორსაც ასახელებს, რომელიც ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის  ინფლაციაზე ახდენს გავლენას. მათ შორის, ეს არის ადრე არსებული მაღალი ინფლაცია.

„ასევე მნიშვნელოვანია შევხედოთ, თუ რა ხდება შრომის ბაზარზე. ხელფასების ზრდა უფრო მაღალია ვიდრე პროდუქტიულობის ზრდა. ეს აძვირებს ადგილობრივ წარმოებას. ჩვენი მოლოდინია, რომ პროდუქტიულობის ზრდა დაჩქარდება და ის ფაქტორი, რომელიც ჩვენი აზრით არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი,ნელ-ნელა მიილევა,“-აცხადებს მესტვირიშვილი.

რაც შეეხება მიგრანტების გავლენას, ამ ნაწილში გავლენა ორი მიმართულებითაა.

„პირველი, მოთხოვნის კუთხით, რომელიც  ზრდის მოთხოვნას და ამას ჩვენ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით ვპასუხობთ. ეს გაზრდილი მოთხოვნა რა თქმა უნდა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებში აისახება. მეორე ფაქტორი არის ფასები უძრავ ქონებაზე, რომელიც საკმაოდ მტკივნეულია ყველასთვის, მათ შორის ბიზნესისთვის, მისი გავლენა ინფლაციაშიც ნელ-ნელა მცირდება,“-აცხადებს მესტვირიშვილი.

„ბიზნესპარტნიორის“ კითხვაზე, რა შემთხვევაში დაიწყებს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემცირებას, მესტვირიშვილი განმარტავს, რომ თუ გაგრძელდა დღეს არსებული ტენდენცია და  სებ-ი ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციასა და მომსახურებაზე ინფლაციის შემცირებას დაინახავს, საშუალება ექნება მარეგულირებელს,რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლაზე იფიქროს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 29 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.

მიუხედავად დასტაბილურების გარკვეული ნიშნებისა, ინფლაცია ჯერ კიდევ გლობალურ გამოწვევად რჩება. საქართველოში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი კვლავ მაღალია, თუმცა შემცირებას განაგრძობს. თებერვალში მთლიანი ინფლაცია 8.1 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 6.6 პროცენტამდე შემცირდა. 

მაღალი გაურკვევლობისა და რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებაზე კონცენტრირებული რჩება და მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. 

Businesspartner