ფინანსები
28/04/2021

რა შეასუსტებს ლარის კურსზე წნეხს - კობა გვენეტაძის ხედვა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, რომელიც გახსნილი ეკონომიკის ქვეყნებისათვის უალტერნატივოა.

“იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომლებსაც მიმდინარე ანგარიშის დადებითი ბალანსი აქვთ და დიდი საერთაშორისო რეზერვები, კურსის დაფიქსირება დოლართან ან ევროსთან, ძალიან ხარჯიანი და საფრთხის შემცველი იქნება. საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ინფლაციის თარგეთირებასთან ერთად, მოიაზრებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ისეთ ცვლილებას, რომ ინფლაციის მისი მიზნობრივი ნიშნულისაკენ სვლა განაპირობოს საშუალოვადიან პერიოდში და ამით იყოს მიღწეული ფასების სტაბილურობა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, გამოწვევების ფონზე, ძალიან დიდი დანაკლისის გამო, რომელიც ქვეყანამ უცხოური ვალუტის შემოსვლებთან დაკავშირებით განიცადა, შეუძლებელი იყო კურსის კორექტირება არ მომხდარიყო.

რაც შეეხება ლარის კურსზე წნეხის შემცირების საკითხს, კობა გვენეტაძემ საკუთარი ხედვები წარმოადგინა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, ქვეყანაში უნდა დაჩქარდეს ვაქცინაციის ტემპი, რასაც მოჰყვება ტურისტების ზრდა, ეს კი გაცვლით კურზე დაწოლას შეანელებს.

“ბიუჯეტის დეფიციტი თავის ფარგლებში უნდა შენარჩუნდეს, რა თქმა უნდა სხვა თანაბარ პირობებში უფრო დაბალი ბიუჯეტი გაცილებით უკეთესია, როგორც გაცვლითი კურსისათვის, ასევე ინფლაციისათვის.

რაც შეეხება ჩვენს მხარეს, ინტერვენციები, რომლებსაც ჩვენ ვაკეთებთ, წელს ჯამში 250 მილიონი დოლარი გავყდეთ, შარშან 916 მილიონი დოლარი, რაც საკმაოდ დიდი თანხებია, რეზერვების დაგროვების გარეშე შეუძლებელი გახდებოდა ამის გაკეთება და იმ დახმარების გარეშე, რომელიც სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარების შედეგად მიიღო ქვეყანამ“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.