ფინანსები
31/08/2021

რა პროცენტში შეუძლიათ სესხის აღება 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ქართულ ბანკებში

არჩევნების მოახლოების პარალელურად, ე.წ. საპენსიო სესხების საკითხი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში კვლავ გააქტიურდა. გამოითქვა არაერთი მოსაზრება არაუზრუნველყოფილი სესხების საპროცენტო განაკვეთებთან და მისი შემცირების პერსპექტივასთან დაკავშირებით. დაიწყო მსჯელობა იმაზეც, თუ რამდენად მისაღებია ის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც „ლიბერთი ბანკი“ სთავაზობს სესხებზე პენსიონერებს.

პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით შეიქმნა საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისია, რომელიც იმუშავებს სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის, სოციალური პაკეტების, საარსებო თუ სხვა სახის შემწეობების დარიგების მიზნით საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1000 ლარამდე სესხის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, უგირავნო სესხებზე ქართულ კომერციულ ბანკებში საშუალოდ 26.8%-ს შეადგენს.

„ბანკები და ფინანსებმა“ გადაწყვიტა შეესწავლა თუ როგორია ქართულ საბანკო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები 60-65  წელს გადაცილებული ადამიანებისთვის.

კომერციულ ბანკებში აცხადებენ, რომ იმისათვის, რათა მათ 60 წელს გადაცილებულ ადამიანზე სესხი გასცენ, საჭიროა, რომ იგი იყოს თვითდასაქმებული, ან ერიცხებოდეს თანხები მათთან,  ან  სარგებლობდეს გზავნილებით.

ამასთან, მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვაც – უგირავნო სესხის მისაღებად მაქსიმალური ასაკი   72 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ბანკების მიერ მოთხოვნილ სხვა პირობებს აკმაყოფილებს, 60 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქე, საპროცენტო განაკვეთი განსხვავებულია სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკში.

‘ბანკები და ფინანსებმა’ მოიძია კონკრეტული მაგალითები, თუმცა სტატიაში კონკრეტული ბანკის დასახელებისგან თავს ვიკავებთ, რადგან ეს არის რეალური მომხმარებლების პირადი ინფორმაცია რომლებმაც სხვადასხვა ბანკებში ბოლო სამი თვის განმავლობაში ისარგებლეს სამომხმარებლო, 1000 ლარამდე სესხებით.

ერთ-ერთი წამყვან, მსხვილ კომერციული ბანკში (ბანკი 1) 1000 ლარამდე (850 ლარი) სესხის პირობები შემდეგნაირად გამოიყურება:

წლიური საპროცენტო განაკვეთი:  24.90%
სიცოცხლის დაზღვევის წლიური საპროცენტო განაკვეთი: 0,72 %
გაცემის საკომისიო: 50 ლარი
ანგარიშიდან გატანის საკომისიო: 4.5 ლარი
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 47.33%

მეორე მსხვილ ბანკში (ბანკი 2) დასაქმებულისა და თვითდასაქმებულის შემთხვევაში სესხის პირობებიც განსხვავებულია.

დასაქმებული (ხელფასის საფუძველზე) მომხმარებლის შემთხვევაში, 1000 ლარამდე (750 ლარი) სესხის პირობები:
წლიური საპროცენტო განაკვეთი:  9.00%
სიცოცხლის დაზღვევის წლიური საპროცენტო განაკვეთი: 5 ლარიდან
კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო: 14.29 ლარი
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 31.80%

თვითდასაქმებული მომხმარებლის შემთხვევაში, 1000 ლარამდე (1000 ლარი) სესხის პირობები:

წლიური საპროცენტო განაკვეთი:  21.90%
სიცოცხლის დაზღვევის წლიური საპროცენტო განაკვეთი: 5 ლარიდან
კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო:  20.45 ლარი
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 43.30%

შედარებით მცირე  ბანკში (ბანკი 3), 1000 ლარამდე სესხის პირობები შემდეგნაირად გამოიყურება:

საპროცენტო განაკვეთი –  29.00%
სიცოცხლის დაზღვევის წლიური საპროცენტო განაკვეთი – 1,3 %
გაცემის საკომისიო – 2,5%
სმს მომსახურების საკომისიო –  4,5 ლარი
მიმდინარე ანგარიშის ყოველთვიური მომსახურების საკომისიო: 1 ლარი
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 49.16%

რაც შეეხება „ლიბერთი ბანკს –   ასაკის მიუხედავად (60-დან 85-მდე)  მომხმარებლებს,  აქვთ თუ არა დამატებითი შემოსავალი, შეუძლიათ ისარგებლონ სამომხმარებლო ტიპის, უგირავნო სესხით. ამ სესხის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი და ეფექტური ანუ რეალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს  30,65%-ს და მოიცავს სესხის მომსახურების ყველა ხარჯს,  დამატებითი საკომისიოების გარეშე.

მომხმარებლისთვის  30,65%   შესაძლოა მაღალი საპროცენტო მაჩვენებელია,  მაგრამ  სესხის საბაზრო ფასი, დღევანდელი მონაცემებით, სწორედ ამ განაკვეთის ფარგლებში მერყეობს.

ამასთან, ქართულ  საბანკო სექტორში 60 წელს გადაცილებული მომხმარებლისთვის სესხის გაცემის პირობებთან დაკავშირებული ვითარების  შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ  ე.წ. საპენსიო სესხების  საპროცენტო განაკვეთი, ლიბერთიში, უმეტეს შემთხვევაში,  უფრო დაბალია,  ვიდრე სხვა ნებისმიერ კომერციულ ბანკში.

 

ზემოთ აღნიშნული შეთავაზებების შედარება კი იხილეთ გრაფაში:

„ბანკები და ფინანსები“ ასევე დაინტერესდა და მომდევნო სტატიებში მოგაწვდით  ინფორმაციას, თუ რა ღირს რეალურად სესხი ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის, რას ნიშნავს საშუალოდ 26.8% საპროცენტო განაკვეთი და რა პირობებით იღებენ კომერციულ ბანკებში არაუზრუნველყოფილ სესხს 60 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანები.

ფოტო: ბანკები და ფინანსები