ფინანსები
07/10/2020

PPP-ის ფარგლებში მთავრობას 444 მლნ ლარის ვალდებულება აქვს აღებული

443 645 440 ლარი - ფინანსთა სამინისტრომ კერძო თანამშრომლობის პროექტების (PPP) ფარგლებში მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება დაასახელა.

სამინისტროს მონაცემებით, ეს მაჩვენებელი გათვალისწინებულია ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონით განსაზღვრული ვალის მშპ-სთან შეფარდების 60%-იან ნიშნულში.

რაც შეეხება PPP ვალდებულებებს, 443 645 440 ლარი “ნენსკრა ჰესისთვის“ და “თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის“ აღიარებული ვალდებულებების ჯამია (266 761 440 + 176 884 000). უფრო კონკრეტულად, “ნენსკრას“ ჰიდროელექტროსადგურში “საპარტნიორო ფონდი“ ფლობს კომპანიის აქციათა 8%-ს. ოპერატორთან გაფორმებულია BOT (Build-operatetransfer) ხელშეკრულება, რომელიც ჰესის ექსპლუატაციაში შესვლიდან 36 წელიწადში მის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობს.

ამ ეტაპზე აღიარებულია შექმნილი გრძელვადიანი აქტივის ტოლი ვალდებულებები. კომპანიის მიერ შექმნილი გრძელვადიანი აქტივის ღირებულება 2019 წლის ბოლოს 302 488 000 ლარია. მეთოდოლოგიის შესაბამისად, პროექტიდან მომდინარე PPP ვალდებულება 2019 წლის ბოლოს შეადგენს 266 761 440 ლარს.

რაც შეეხება თბილისის აეროპორტს, „TAV ურბან საქართველოსთან“ 2015 წელს გაფორმდა განახლებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ,,TAV ურბან საქართველო“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას და მოვლა-შენახვას 2027 წლის იანვრამდე განახორციელებს. 2027 წლიდან აეროპორტი უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს მფლობელობაში.

არსებული მდგომარეობით, ოპერატორის მიერ განხორციელებული ინვესტიციები მოიცავს: რამდენიმე ტერმინალის აშენებას, ავტოსადგომის მოწყობას, ასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკის და ბაქნის რეაბილიტაციას.

შპს „ტავ ურბან საქართველოს“ 2019 წლის აუდიტირებული ანგარიშგების მიხედვით, აქტივი „აეროპორტის მართვის უფლება“ 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეფასებულია 176 117 884 000 ლარად. ამ ვალდებულებებში ადრე გათვალისწინებული იყო ანაკლიის შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტიც. ამ პროექტში 2018 წლის ბოლოს ანაკლიის პორტიდან მომდინარე ვალდებულებები შეფასებული იყო 169,7 მლნ ლარად, თუმცა, რადგანაც ინვესტორთან ხელშეკრულება შეწყდა და ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, სარჩელი შეიტანა საარბიტრაჟო სასამართლოში, მთავრობა ამ ვალდებულებებს აღარ აღიარებს.

 

Businesspartner