პოსტარჩევნების მოლოდინი და $-თან დაკავშირებული სენტიმენტები - თიბისი კაპიტალი სებ-ის ინტერვენციაზე
თიბისი კაპიტალი არჩევნების შემდგომ ლარის გაუფასურებას არ ელის და ინარჩუნებს არჩევნებამდე გაკეთებულ პროგნოზს.
TBC Capital–ის მთავარი ეკონომისტი ხუთშაბათს სებ-ის $60 მლნ-იან ინტერვენციას ძირითადად ორი ფაქტორით ხსნის: არჩევნების შემგომ გაუფასურების მოლოდინებისა და გამყარებულ დოლართან დაკავშირებული სენტიმენტებით.
"ჩვენ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ სავალუტო ბაზარზე მიწოდება-მოთხოვნის ბალანსი დადებითია და ლარიდან ვალუტაში კონვერტაციებიდან გამომდინარე ლარის კურსზე ზეწოლა უკვე დიდწილად მაინც მატერიალიზირებულია", - განმარტებულია თიბისი კაპიტალის კვლევაში.
არჩევნებამდე გამოქვეყნებულ კვლევაში თიბისი კაპიტალის ლარის კურსის შენარჩუნებასთან დაკავშირებული პროგნოზი ემყარებოდა კონკრეტულ არგუმენეტებს - სავალუტო შემოდინებებისა და გადინებების პოზიტიური ბალანსი, აღდგენილი სავალუტო დაკრედიტებისა და უცხოურ ვალუტაში დანაზოგების გახარჯვის ჩათვლით.
ამასთან, საინვესტიციო კომპანია მიიჩნევს, რომ გასათვალისწინებელია სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. წინა კვლევაში TBC Capital–ი კმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ ამ პერიოდში ლარის სტაბილურობა სებ-ის მნიშვნელოვანი ინტერვენციების გარეშე იყო მიღწეული, რაც მათივე ახსნით სავალუტო ბაზარზე ვალუტის მოთხოვნასთან შედარებით უფრო მეტ მიწოდებაზე მიგვანიშნებს.
შეგახსენებთ, რომ სებ-მა ბაზარს ხუთშაბათს 60 მლნ დოლარი მიაწოდა, რაც ბაზარმა სრულად აითვისა.
2021 წლის დაწყებიდან დღემდე სულ $332.9 მლნ-ის ინტერვენციაა განხორციელებული.
COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, სებ-მა 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა. როგორც სებ-ი აცხადებს, ის ბაზარზე პანდემიის მილევამდე აქტიურად იქნება წარმოდგენილი.