პლატფორმაზე ვაჭრობის კონკურენტული გარემოა - ლარის კურსი Bmatch-ის გარიგებებით განისაზღვრება
2021 წლის 1-ლი თებერვლიდან, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებები მხოლოდ Bmatch პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს დაეფუძნება. Bmatch პლატფორმა ბლუმბერგის სისტემაში 2020 წლის მარტიდან ამოქმედდა.
როგორც სებ-ში გაბნმარტავენ, განვლილი პერიოდის ანალიზმა ცხადყო, რომ პლატფორმაზე შექმნილია ვაჭრობის კონკურენტული გარემო.
"მნიშვნელოვანია, რომ გარიგებები არ ხასიათდება დიდი მერყეობებით და, რაც მთავარია, სრულად შეესაბამება გარიგების დადების დროს ბაზარზე არსებულ რეალობას", - განმარტავენ სებ-ში.
Bmatch პლატფორმა რამდენიმე ძირითად პირობას ემყარება:
გარიგებები იდება სტანდარტული პირობებით - ერთიდაიგივე ანგარიშსწორების თარიღით და არსებობს გარიგების მინიმალური ოდენობა;
გარიგება იდება ავტომატურად მყიდველისა და გამყიდველის კურსის თანხვედრის შემთხვევაში, რაც უზრუნველყოფს გარიგების დადებას კონკრეტულ მომენტში არსებული საუკეთესო კურსით;
პლატფორმაზე განთავსებული ყიდვა-გაყიდვის განაცხადები ანონიმურია, მანამ სანამ პლატფორმის მიერ არ მოხდება გარიგების ავტომატური რეგისტრაცია;
პლატფორმის მონაწილეები თავად განსაზღვრავენ მათთან გარიგებაში დაშვებულ კონტრაგენტებს და სავაჭრო ლიმიტებს;
ახალი პლატფორმის უპირატესობებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებები მხოლოდ ბლუმბერგის სისტემის - Bmatch პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს დაეფუძნოს.
"სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესის" მიხედვით, 2009 წლიდან კურსის გაანგარიშებაში ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში განხორციელებული გარიგებები გაითვალისწინება.