ფინანსები
15/09/2023
პირველი მიკრობანკი ქართულ საფინანსო სექტორში სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოჩნდება
„პოზიტიურ სცენარში, პირველი მიკრობანკი ქართულ საფინანსო სექტორში წლის ბოლომდე გამოჩნდება,“-ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარემ
განუცხადა.
ნინო დევდარიანის განმარტებით, ასოციაციიდან სამი კანტიდანტი უახლოეს ვადებში აპირებს სალიცენზიო განაცხადის შეტანას ეროვნულ ბანკში.
„ოქტომბრის ბოლოდან, ნოემბერ-დეკემბერში უკვე ველოდებით, რომ იქნება გაკეთებული სალიცენზიო განაცხადები. გარკვეული შეღავათების და ცვლილებების მოლოდინები გვაქვს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. საბოლოო სურათი მიმდინარე კონსულტაციების დასრულების შემდეგ გვექნება.
რაც შეეხება იმას, უცხოური ინვესტიციების კუთხით რამდენად შეიძლება იყოს საინტერესო ახალ ფინანსურ ინსტიტუტებში ინვესტირება, კონკრეტული ინფორმაცია სექტორში შემომსვლელებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ მაქვს, თუმცა სხვა ორგანიზაციების დამოკიდებულება მიკრობანკად გარდაქმნის კუთხით, მეტწილად დამოკიდებული იქნება იმ პირველ პრენცედენტებზე, რაც შეიქმნება კონკრეტული ორგანიზაციების მიკრობანკად გარდაქმნის შემდეგ.“- აღნიშნა ნინო დევდარიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს მიკრობანკების ლიცენზირების წესები უკვე დაამტკიცებული აქვს - ბრძანებები საკანონმდებლო მაცნეზე ივლისში გამოქვეყნდა.
მიკროსაფინანსო სექტორისგან განსხვავებით, მიკრობანკის დაფუძნებისთვის არსებული კაპიტალის მოთხოვნა ათჯერ მაღალია და 10 მილიონი ლარით განისაზღვრება.
რაც შეეხება სხვაობას მიკრობანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის, მიკრობანკებს მიკროსაფინანსო სექტორისგან განსხვავებით, უფრო დიდი კრედიტების გაცემის შესაძლებლობა ექნებათ, საუბარია ერთ მილიონ ლარამდე სასესხო პორტფელზე.
ამასთან მიკრობანკებს შესაძლებლობა ექნებათ სახსრების მოზიდვის ნაწილში 15 ათას ლარამდე დეპოზიტები მიიღონ. მნიშვნელოვანი პირობაა ისიც, რომ მიკრობანკად გარდაქმნა მხოლოდ იმ მიკროსაფინანსოებს შეუძლიათ, რომელთა სესხების 70%-იც ბიზნეს მიმართულებაზე მოდის.