ფინანსები
28/02/2023

პირველი ქართული სადაზღვევო ციფრული ბროკერი "ფრანი" გლობალურ ბაზარზე გასვლას გეგმავს

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე პირველი ციფრული ბროკერი „ფრანი“ გამოჩნდა.

როგორც მისმა ერთერთმა დამფუძნებელმა გიორგი ჩაჩუამ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, მსგავსი ფორმატის სერვისი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური ბაზრისთვისაც უნიკალურია, რადგან ესაა არა მხოლოდ სადაზღვევო შეთავაზებების გენერირების რესურსი, არამედ სივრცე, რომელშიც შესაძლოა დაზღვევის პროცესის ყველა საფეხურის გავლა - პაკეტების შედარება, სასურველი შეთავაზებების მოძიება, კალკულაცია, პოლისის შეძენა. მომხმარებელს არ მოუწევს სადაზღვევო კომპანიასთან კონტაქტი, მისგან პოლისის მიღება და ა.შ. ამასთან, სერვისს ექნება ონლაინ-დახმარების ფუნქციაც.

„ფრანი“ სტარტაპ-კომპანიაა, რომელმაც ფუნქციონირება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150-ლარიანი გრანტითა და დამფუძნებლების ინვესტიციებით დაიწყო.

„კომპანია ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი და მარტივი პროდუქტების გაყიდვაზეა ორიენტირებული. მომხმარებელს ვეხმარებით გაყიდვამდე პროცესის წარმართვაში - ესაა შედარება, შერჩევა, კალკულაცია. ყველაფერი ციფრულად ხდება. ჩვენს კაბინეტში ხდება პოლისის დაგენერირება. ჩვენი პარტნიორები არიან სადაზღვევო ბაზარზე მოქმედი კომპანიების უმრავლესობა,“- აცხადებს ჩაჩუა და ამბობს, რომ მომავალში იგეგმება დაზღვეულის დახმარების სერვისის ამოქმედება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. ეს სერვისი დაზღვეულებს დაეხმარება სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადებასა და შესაბამისი პროცედურების გავლაში.

ამ ეტაპზე სისტემაში გააქტიურებულია სამოგზაურო დაზღვევა, მომდევნო ეტაპზე ამუშავდება ავტომობილის მფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა, „კასკოს“ და სხვა პაკეტები. შემდეგ კი, პროექტის ავტორების გეგმებით, ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისიც გაეშვება.

„ფრანით“ სარგებლობა შესაძლებელი იქნება ორი გზით: მომხმარებელს შეჰყავს საკუთარი მოთხოვნები და სისტემა ამ მოთხოვნის შესაბამის შეთავაზებებს უჩვენებს, ან დაზღვევის მსურველი თავად არჩევს, რომელი კომპანიის შეთავაზებები შეადაროს ერთმანეთს.

პირველი სერვისი, რომელიც უკვე გააქტიურებულია, სამოგზაურო დაზღვევაა. „ფრანის“ დამფუძნებლის განცხადებით, ეს ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია ფიზიკური პირების ნაწილში, რადგან ბევრი ადამიანი მოგზაურობს და ამ დაზღვევის ქონა მათთვის აუცილებელია. მომდევნო ეტაპი ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სერვისის ამოქმედებაა. ასევე იქნება „კასკო“, ქონების ან ოფისის (შენობის) დაზღვევის შეთავაზებები. გიორგი ჩაჩუას თქმით, თითო სერვისის ჩაშვებას საშუალოდ 2-3 თვე დასჭირდება.

რაც შეეხება მომსახურების ტარიფს, მისი თქმით, მომხმარებელს სერვისით სარგებლობისთვის არანაირი ხარჯი არ ექნება და საკომისიოს სადაზღვევო კომპანია გადაიხდის.

გიორგი ჩაჩუას განცხადებით, ციფრული ბროკერი საქართველოში დაზღვევის კულტურის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ამასთან, როგორც „ფრანის“ დამფუძნებელი ამბობს, ქართული ბაზარი „ინშურტეკის“ მსგავსი  კომპანიებისთვის მცირეა, ამიტომ კომპანია გეგმავს გლობალურ ბაზარზე გასვლას, სადაც, როგორც ჩაჩუა აცხადებს, მსგავსი პროდუქტი არ არსებობს.

 

 

Businesspartner