პენსიონრებს ისევ ლიბერთი მოემსახურება
პენსიების მომსახურებაზე განახლებული პირობებით გამოცხადებულ ტენდერში ლიბერთი ბანკმა გაიმარჯვა.
როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ.
„დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა", რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა. პირობა იყო 7 წლიანი მომსახურების შესახებ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ + 15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25,8%-ია, ნაცვლად 30,6%-ისა, რომელიც ჰქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები გვაქვს, ეს განაკვეთიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუიაფდებათ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.