ფინანსები
20/06/2023

"პეისერა საქართველომ“ რეალურ რეჟიმში მომხმარებლის მომსახურების უფლება მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის 15 ივნისის განკარგულების თანახმად, სს „პეისერა ბანკი საქართველომ“ რეალურ რეჟიმში მომხმარებლის მომსახურების უფლება მიიღო.

სს „პეისერა ბანკი საქართველო“ არის პირველი ციფრული საბანკო ლიცენზიის მფლობელი ბანკი საქართველოში, რომლის ლიცენზია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპებზე დაყრდნობით, 2022 წლის 17 ნოემბერს გასცა.

შედეგად, კომპანია  აერთიანებს და თავის მომხმარებლებს სთავაზობს საუკეთესო ევროპულ ფინტეკ პროდუქტებს და საქართველოს კომერციული ბანკის ლიცენზიით განსაზღვრულ სერვისებს.

როგორც „პეისერა ბანკი საქართველოში“  აცხადებენ, საქართველოში, ექსკლუზიურად, „პეისერა ბანკი საქართველო“ თავის მომხმარებელს შესთავაზებს, ერთიანი ევრო გადახდის არეალის სისტემით (SEPA & SEPA Instant) ანგარიშსწორებას ევროპის ეკონომიკური არეალის ქვეყნებში (EEA), ხოლო EEA-ს გარეთ, ევროში ანგარიშსწორება TARGET2 სისტემის გამოყენებით იქნება შესაძლებელი.

2023 წლის მონაცემებით SEPA აერთიანებს 36 ქვეყანას: ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ევროპის ეკონომიკური ზონის 3 ქვეყანას (ნორვეგია, ლიხტენშტაინი, ისლანდია), ასევე მონაკოს, შვეიცარიას და გაერთიანებულ სამეფოს, ხოლო TARGET2 სისტემაში მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის 52,000-ზე მეტი ბანკია ჩართული.

ერთიანი ევრო გადახდის სისტემის (SEPA) და საქართველოს ეროვნული გადახდის სისტემის (RTGS) ერთ სივრცეში შეთავაზებით, „პეისერა ბანკი საქართველო“ პრაქტიკულად აერთიანებს ამ ორ გადახდის სისტემას და ქართველ მომხმარებელს ორივე სისტემის შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.

როგორც „პეისერა ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი, დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, ბანკი მომხმარებელს მისი სურვილის შემთხვევაში ერთ სივრცეში გაუხსნის ევროპულ და ქართულ საერთაშორისო საბანკო ანგარიშებს (IBAN-ს) და მათ უპრეცედენტოდ დაბალ საოპერაციო ტარიფს შესთავაზებს.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპები გავიარეთ დღემდე, მინდა მადლობა გადავუხადო პროცესის ყველა მონაწილეს: საქართველოს ეროვნული ბანკის გუნდს, რომელიც დაუღალავად გვემუშავა პროდუქტების და პროცესების ადაპტაციის ნაწილში, ასევე „პეისერას“ ქართველ და საერთაშორისო გუნდს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციური ბიზნეს მოდელების ხელშეწყობის და ჩვენი კერძო ინიციატივის მეშვეობით ქართველი მომხმარებელი SEPA-ს სისტემაში ერთვება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან ევროში ანგარიშსწორება ისეთივე მარტივია როგორც ლარში, ხოლო 100 000 ევრომდე ტრანზაქციები თუ მიმღების ბანკიც SEPA-შია ჩართული 24/7 განხორციელდება. 

როგორც ციფრული ბანკი ჩვენი მოსახურების ძირითადი არხები, რა თქმა უნდა, ჩვენი Paysera Supper App და ინტერნეტ ბანკი იქნება, თუმცა ჩვენ თბილისში ერთი ფილიალი აკაკი წერეთლის გამზირზე 2/4 -ში გვაქვს, სადაც ასევე მოვემსახურებით მომხმარებლებს, რომელთათვისაც ანგარიშების გახნას 26 ივნისიდან დავიწყებთ.

2023 წლის განმავლობაში ჩვენს მომხმარებელს ძალიან ბევრ საინტერესო საბანკო საოპერაციო პროდუქტს შევთავაზებთ, ხოლო 2024 წლიდან იგეგმება საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება. 

რაც შეეხება მომსახურების ტარიფს- გადარიცხვა EUR-ში ევროპაში მხოლოდ 7 ევრო ეღირება, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისთვის.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „პეისერა ბანკი საქართველომ“ ევროპის ფინანსურ სისტემასთან საქართველოს ნაწილის ინტეგრაცია შეძლო“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

26 ივნისიდან ქართველ მომხმარებელს Paysera Supper App-ით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება, რომელშიც დახვდებათ პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის.

შეგახსენებთ, "Paysera" არის ლიტვური Fintech კომპანია, რომელიც ფლობს ევროკავშირის ლიცენზიას და უზრუნველყოფს სწრაფ, მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ ფინანსურ და მასთან დაკავშირებულ სერვისებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დაფუძნდა 18 წლის წინ და ჰყავს ერთ მილიონზე მეტი მომხმარებელი. საერთაშორისო ბაზარზე Paysera წარმოდგენილია 300 თანამშრომლით და 15 ლოკაციით.

საჯარო რეესტრის მიხედვით, სს "პეისერა საქართველოს" დირექტორატში არიან გიორგი ჩრდილელი, დიმისტრი ქუმსიშვილი და ირაკლი თოიძე.