"პაშა ბანკი" კაპიტალს ₾26 მლნ-ით ზრდის
საბანკო სისტემაში გადაადგილებებისა და გამსხვილებების პარალელურად, ბაზარზე აქტივობას "პაშა ბანკიც" აძლიერებს.
გასულ კვირას ბანკის აქციონერებმა მიიღეს გადაწყვეტილება კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ბანკი კაპიტალს დამატებით 26 მლნ ლარით გაზრდის. დამატებით მიმდინარეობს საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები სახსრების მოძიებასთან დაკავშირებით.
ბანკის გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ შურღაიას განცხადებით, კაპიტალის გაზრდის მიზანი გაფართოება და ბიზნეს სესხებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების შეთავაზებაა.
ბანკის სააქციო კაპიტალი 4Q21-ის მდგომარეობით, 70 მლნ ლარია, გაუნაწილებელი მოგება კი - 33.1 მლნ. პაშა ბანკი დღემდე ზარალიანია, 2021 წელი 6.2 მლნ ლარიანი ზარალით დახურა.
ბანკს კაპიტალის მოთხოვნები უკვე შესრულებული აქვს, პანდემიაში გამოთავისუფლებული ბუფერები აღადგინა, მათ შორის 4Q21-ის მონაცემებით, ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 13.67%, პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 13.67%, ხოლო საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი 18.68% ჰქონდა, მოთხოვნა კი შესაბამისად, 6.83%, 9.11% და 15.08%.
"პაშას" პორტფელი კვლავ მაღალ დოლარიზებული რჩება - უცხოური ვალუტით არსებული ვალდებულებები / მთლიან ვალდებულებებთან 79.28%-ია.
ცნობისთვის, სებ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის დათვლის ახალ მეთოდს გულისხმობს და დოლარიზებას ებმება, მისი მაღალდოლარიზებული პორტფელის გათვალისწინებით, მოთხოვნები გამკაცრდა.