ფინანსები
13/06/2023

პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კენჭისყრის შედეგად,  პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი  15-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 26 დეპუტატი იყო. 

ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას შეასრულებს.

შეგახსენებთ, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს  პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო 23 თებერვალს დაადო.  პრეზიდენტის აცხადებდა, რომ ჩნდება ეჭვი, რომ თუ მის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, კანონი იძლევა შესაძლებლობას, პირველმა ვიცეპრეზიდენტმა განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ  პარლამენტს ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მოუწევდა. 
Businesspartner