პაპუნა ლეჟავამ გლობალურ ფინტექ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ გლობალურ ფინტექ ფორუმში - Global Impact FinTech (GIFT) მიიღო მონაწილეობა. GIFT-ი ფინტექის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მსხვილი, მრავალფეროვანი და ინკლუზიური ფორუმია, რომელიც ეკოსისტემის ლიდერებს 60 ქვეყნიდან აერთიანებს.
ღონისძიებას 20 სხვადასხვა ქვეყნიდან 30-მდე საერთაშორისო სპიკერი უძღვებოდა, მათ შორის: Citi, Standard Chartered Bank (SCB), DBS Bank, ჰონგ-კონგის, სინგაპურის, პორტუგალიისა და სხვა ქვეყნების ფინტექ ასოციაციები. ასევე, ცენტრალური ბანკები, და გაეროს, მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და აზიის განვითარების ბანკის სააგენტოების წარმომადგენლები.
ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს ბანკისა და StartUp Grind-ის მიერ, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით.
ფორუმზე, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, განხილული იყო შემდეგი თემები: ღია და ინკლუზიური ფინანსები, გლობალური ფინტექ ეკოსისტემები და პოლიტიკის ჩარჩოები, ქალი ლიდერები ფინტექში და სხვა.
"დღეს, როდესაც ფინანსურ სექტორში ინოვაციის როლი სწრაფად იზრდება, ფინანსები ტექნოლოგიის გარეშე უკვე ძნელი წარმოსადგენია. ასეთ რეალობაში ღია რეგულაციის მიდგომა უმნიშვნელოვანესია. რისკების შეფასების დროს მარეგულირებელი მოქნილი და ტექნოლოგიური თვალსაზრისით ნეიტრალური უნდა იყოს. ამ მიზნით, 2 წლის წინ ჩვენთან შეიქმნა ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიის დეპარტამენტი, რომელიც ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებზე, სერვისებსა და ბიზნესმოდელებზე მუშაობს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელზეც ამჟამად მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ვმუშაობთ, არის მყისიერი გადახდების პლატფორმა. ფინტექ იდეების უმრავლესობა, რომელთანაც ამ ეტაპზე ვთანამშრომლობთ, გადახდების ინდუსტრიასთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ფინტექ სექტორისთვის მნიშვნელოვანია გადახდების პლატფორმა, რომელიც უფრო სწრაფი, იაფი და მარტივად ინტეგრირებადია. მომავალი წლის ბოლოსთვის საქართველოს უკვე ექნება ახალი საგადახდო სისტემა, რომელიც იქნება სწრაფი, მყისიერი და იაფი გადახდის საშუალება", - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
საქართველოს ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშესაწყობად აქტიური ნაბიჯების გადადგმას მომავალშიც განაგრძობს.