პაპუნა ლეჟავა: უცხოური ვალუტის შესყიდვას იმდენხანს გავაგრძელებთ, სანამ ამის შესაძლებლობა გვექნება
„უცხოური ვალუტის შესყიდვას იმდენხანს გავაგრძელებთ, სანამ ამის შესაძლებლობა გვექნება,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა.
პაპუნა ლეჟავას განმარტებით, საქართველო რეზერვების კუთხით, IMF-ის მიერ დადგენილი პარამეტრების ზედა ზღვართან საკმაოდ შორს არის.
„საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი, ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ ამაზე არ მოახდინოს გავლენა და ტენდენციას ხელი არ შეუშალოს.
ამის გაკეთება ჩვენნაირი ქვეყნისთვის შეუძებელიც იქნებოდა. რაც შეეხება რამდენი ხნით გავაგრძელებთ უცხოური ვალუტის შესყიდვას, ამას გავაგრძელებთ იმდენხანს რამდენხანსაც ამის შესაძლებლობა გვექნება.
ჩვენ გვქონია ისეთი პერიოდები, როდესაც უცხოური ვალუტის რეზერვებს ვხარჯავდით, ანუ ვაწვდით ბაზარს უცხოურ ვალუტას.
მაგალითისთვის, 2020 წლის კოვიდპანდემია, 2008 წლის ომი, ხოლო როდესაც უცხოური ვალუტის შემოდინებაა ამ დროს ვცდილობთ, რომ დავაგროვოთ რეზერვები, ზუსტად იმისთვის რომ კრიზისული პერიოდისთვის მზად იყოს ეროვნული ბანკი.
ეს არის სწორი პოლიტიკა, რომ როდესაც უცხოური ვალუტის შემოდინებაა, ხდებოდეს რეზერვების დაგროვება.
ამ ქცევას რა თქმა უნდა, უყურებენ საერთაშორისო ინვესტორები, საერთაშორისო ინსტიტუტები, ქართული ბაზარიც. რამე კონკრეტული ნიშნული თუ რამდენხანს გაგრძელდება შესყიდვა, რთული სათქმელია.
გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დადგენილი პარამეტრები, თუმცა ზედა ზღვართან საკმაოდ შორს ვართ. ასე რომ, სანამ გაგრძელდება უცხოური ვალუტის შემოდინება, ჩვენც გავაგრძელებთ შესყიდვებს.“-აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.