პანდემიამ ობლიგაციების ბაზრის ზრდა შეანელა
პანდემიამ ობლიგაციების ბაზრის ზრდა შეანელა. თუ წინა წლებში ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარი სწრაფი ზრდის ტენდენციით გამოირჩეოდა, 2020 წელს ბაზრის ეს სეგმენტი მხოლოდ 5.5%- ით გაიზარდა და მისმა ზომამ მთლიანი შიდა პროდუქტის 4.2% შეადგინა. გამოშვებული კომერციული ობლიგაციების 58%-ს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ლარით დენომინირებული ობლიგაციები შეადგენს.
კორპორატიული ობლიგაციების ბაზრისგან განსხვავებით, 2020 წელს სახაზინო ობლიგაციების ბაზრის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, კერძოდ, ბაზარი 54%-იან ზრდას აჩვენებს 2019 წელთან შედარებით და მისმა მოცულობამ მშპ-ს 11.9%-ს მიაღწია.
ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიშით ირკვევა, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ადგილობრივი ბაზრის ლიკვიდურობის მაჩვენებლები გაუმჯობესებით ხასიათდებოდა, თუმცა 2020 წელს ობლიგაციების ბაზრის ლიკვიდობა საგრძნობლად შემცირდა.
სახაზინო ობლიგაციების ლიკვიდურობის დიდ წილს, ძირითადად, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ოპერაციები ქმნის, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლებში მომატებულ საპროცენტო განაკვეთებთან ერთად, მიუხედავად 2020 წლის მცირედით დაღმავალი ტრენდისა, არარეზიდენტი ინვესტორების წილი საგრძნობლად გაზრდილია.