ოთარ ნადარაია: სებ-ისგან ინტერვენციებს წელსაც აქტიურად ველოდებით
თიბისი კაპიტალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ინარჩუნებს. როგორც თიბისის ეკონომისტი ოთარ ნადარაია აცხადებს, პროგნოზსი კვლავინდებურად 4%-იან ზრდას გულისხმობს.
როგორც ოთარ ნადარაიამ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან გამართული შეხვედრის განაცხადა, დღეს არსებული რეალობა ამის პროგნოზირების შესაძლებლობას იძლევა.
მისივე თქმით კიდევ უფრო ძლიერ ზრდას უნდა ველოდოთ 2022 წლისთვის. ოთარ ნადარაიას თქმით, ლარის კურსის არასტაბილურობა გარკვეულ შეფერხებებს ამ მიმართულებით ქმნის, თუმცა ეს საბოლოო სცენარის შესაცვლელად საკმარისი არ არის.
“უნდა ვაღიაროთ რომ ლირამ და სხვა ვალუტების სისუსტემ რეგიონში ლარის არასტაბილურობის მიმართულებით გარკვეული როლი შეასრულა, მაგრამ გვაქვს ბერკეტები იგივე ინტერვენციები, რომელიც ლარის სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა. ინტერვენციებს წინა წლის მსგავსად წელსაც ველოდებით. სავარაუდოდ, არანაკლები იქნება ინტერვენციები ვიდრე შარშან იყო. როდის უნდა გაკეთდეს ეს უკვე ტაქტიკურად ეროვნული ბანკის პრეროგატივაა,” - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.
შეგახსენებთ საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა, იანვარ-თებერვლის ეკონომიკური ვარდნა 8.3%-ია.
რაც შეეხება ლარს, ეროვნული ვალუტა ბოლო დღეების განმავლობაში უფასურდება.
31 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი კვლავინდებურად გამყარდა და უკვე 3.4464 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -3.46 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევროც, რომლის კურსი 4.0426 ლარია. ევროს ცვლილებამ 3.82 თეთრი შეადგინა.
2021 წლის დაწყებიდან დღემდე სებ-ს სულ $160 მლნ-ის ინტერვენცია აქვს განხორციელებული. COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა პანდემიურ 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა.