ფინანსები
04/02/2022

ოთარ ნადარაია: ლარი ლარს ამყარებს

ლარი ლარს ამყარებს, - TBC-ის მთავარი ეკონომისტი ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ სტაბილურობას პოზიტიური მოლოდინებით ხსნის, რასაც კურსის რამდენიმე კვირიანი აღმავალი ტრენდი განაპირობებს.

ოთარ ნადარაიას თქმით, თიბისი კაპიტალი ინფლაციის საგაზაფხულო შემცირების პროგნოზის შეცვლას გამორიცხავს, თუ უკრაინის თემა არ გამწვავდება ან აშშ დოლარის გლობალური გამყარების პროცესი არ დაიწყება.

ნადარაიას განწყობა ინფლაციური მოლოდინებით არის განპირობებული, წლიური ინფლაცია კი ორნიშნაა და 14%-ს აღწევს, თუმცა თვის ჭრილში 1%-ის ფარგლებში ნარჩუნდება. წინა თვეებში კი თარგეთსაც (3%) ჩამოცდა.

ლარის საიმედო მდგომარეობას სავალუტო შემოდინებების ზრდა განაპირობებს, ასევე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. დეკემბერში ექსპორტი წლიურად 29%-ით გაზრდილია, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა 6%-ია. საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები დეკემბერში წლიურად დაახლოებით 9-ჯერ გაზრდილია, თუმცა 2019 წლის დეკემბრის დონესთან შედარებით შემცირება კვლავ მნიშვნელოვანია (42%).

იანვრიდან ლარი/აშშ დოლართან 2.6%-ით გამყარდა. სებ-ის დეკემბრის მიმოხილვის თანახმად, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 1.2%-ით ( 3.1374-დან 3.0987-მდე). გაუფასურების ყველაზე მაღალი ნიშნული იყო $1/₾3.13. ევროს მიმართ კი ლარი 2.2%-ით გამყარდა (3.5831-დან 3.5035-მდე).

საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროსთან 1.8%-ით, თურქული ლირის მიმართ 22.5%-ით გამყარდა. რუსული რუბლთან კი 1.4%-ით გაუფასურდა.

Businesspartner