“ნუკრიანის ლავანდის“ სანერგე მეურნეობა ლავანდის ნერგებს შემოდგომიდან გაყიდის
"ნუკრიანის ლავანდა" საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ლავანდის პირველი პლანტაციაა,რომელიც კახეთში,3 წლის წინ,სოფელ ნუკრიანთან და სიღნაღთან ახლოს მდებარეობს.
როგორც პროექტის ავტორი და განმახორციელებელი კომპანია “ინფინიტი ტექნოლოჯი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ალექსანდრე მანველოვი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ლავანდა კახეთში 1 ჰექტარზეა გაშენებული. ყვავილობის პერიოდი კი წელიწადში ერთელ, ივნისში მაქსიმუმ 4 კვირაა.
კომპანია დაინტერესებულ პირებს შემდეგი სახის მომსახურეობას სთავაზობს: მინდორში ხეტიალი-შესასვლელი ბილეთი 5 ლარი/კაცზე, თაიგულების შეძენა-ღირებულება 6 ლარი/თაიგული,ველის ქირაობა ფოტოსესიისთვის - ღირებულება 100 ლარი.როგორც მანველოვი აცხადებს, ლავანდის თესლები კომპანიამ საფრანგეთიდან და ჩილედან შემოიტანა.
„პანდემიის პერიოდში აქტივობა თითქმის განახევრდა,რადგან ტურიზმი მეტნაკლებად მაინც დაპაუზებულია. ყველაზე მოთხოვნადი სერვისი კი ტერიტორიაზე შემოსვლა და ფოტოების გადაღებაა,“-აცხადებს მანველოვი.
“ინფინიტი ტექნოლოჯის ჯორჯიას“ დამფუძნებელი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ლავანდის ველის გაფართოება არ იგეგმება, თუმცა,დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, დაწყებულია სანერგე მეურნეობის მოწყობა, ლავანდის პირველ ნერგებს კი კომპანია მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაყიდის.
კომპანიის საკუთრებაშია ნუკრიანში დაახლოებით 2 ჰა-მდე ტერიტორია, სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე, ეტაპობრივად მოხდება ლავანდის ნერგების გამოყვანა.მანველოვის ინფორმაციით, კომპანიას ასევე აქვს უსუპის და სალბის პლანტაციები და ხდება მათი ნერგების რეალიზაცია.
როგორც მანველოვი აცხადებს, კომპანიის მიზანია ყველა მსურველს მიაწოდოს ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, რომლებიც ლავანდის ნედლეულზეა დამზადებული, იქნება ეს ეთეროვანი ზეთი, საშე, საპონი თუ მშრალი ყვავილები.ლავანდა გამოიყენება პარფიუმერიაში, კოსმეტიკაში, ფიტოთერაპიასა და კულინარიაში.
მისივე განცხადებით, კომპანია თანამშრომლობს რამდენიმე კომპანიასთან, რომლებიც ლავანდის წყლისგან და ეტერზეთებისგან საპონს , ლავანდის დეოდორანტ მალამოს,ლავანდის ბურთულიან დოდორანტს, მურაბებს აწარმოებენ.
მანველოვი აცხადებს, რომ პროდუქციის გაყიდვა ონლაინ ხდება. ბრენდული მაღაზიის გახსნას კი „ნუკრიანის ლავანდის“ დამფუძნებელი არ განიხილავს.