ფინანსები
28/03/2022

ნიკა ქურდიანი: ციფრული ბანკების გამოჩენა ჯანსაღი კონკურენციისთვის მნიშვნელოვანია

საბანკო სექტორის წარმომადგენლები ბანკების მომავალზე და ციფრულ ბანკებზე  უკვე კარგა ხანია მსჯელობენ. ახალი ტიპის საფინანსო ინსტიტუტების გეგმა ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ 2020 წელს გააჟღერა.

რა ეტაპზეა ციფრული ბანკების შექმნის საკითხი და როგორ ხვდებიან დაანონსებულ სიახლეს საფინანსო ინსტიტუტები, ამის შესახებ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი” საუბრობს.

ნიკა ქურდიანის განცხადებით, ბევრი რამ კეთდება, როგორც რეგულატორის მხრიდან, ასევე კომერციული ბანკების და კონკრეტული სტარტაპების მხრიდან, იმისათვის, რომ შეიქმნას უფრო მეტი ფინანსური ციფრული მომსახურება. ამ მიმართულებით საქართველო საწყის ეტაპზეა, მაგრამ საბანკო სექტორი დიდიხანია გამოირჩევა რეგიონის მასშტაბით თავისი გაციფრულებით.

"ეს ტრენდი საქართველოს კომერციულ ბანკებში ჯერ კიდევ 2010-2012 წლიდან დაიყო, როდესაც ბანკებმა ინტენსიურად დავიწყეთ მობაილ ბანკის, ინტერნერტ ბანკის და ინტერნეტზე ბაზირებული კონკრეტული ციფრული პროცესების განვითარება. მაგალითად, ონლაინ სასესხო პროდუქციის დისტრიბუცია, ბარათების შეკვეთა და სხვა. თუმცა, საბანკო სექტორს გარეთ, ციფრული ფინანსური მომსახურების განვითარება საწყის ეტაპზეა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი წარმატებული მცირე ზომის სტარტაპი საერთაშორისო მასშტაბებზეც გავიდა და შეიძლება ითქვას, რომ უკვე ძალიან დიდი ნაბიჯებია გადადგმული.

რაც შეეხება Space-ის განვითარებას, ის იყო პირველი ცოფრული ბანკი, რომელმაც ისეთი წარმატებით მოახდინა განვითარება, რომ თიბისიმ გადაწყვიტა Space-ის პლატფორმაზე ბაზირებული ციფრული ბანკის გაშვება უზბეკეთში. ორივე ქვეყანაში უკვე 1 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ პროექტმა გაამართლა. უზბეკეთს და საქართველოს თუ შევადარებთ, პოტენციალის მხრივ, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, უზბეკეთი მოწინავე პოზიციაზეა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ციფრული ხედვა უფრო მეტად არის ჩამოყალიბებული, გამორჩეულად ძლიერი საბანკო სექტორი გვაქვს, რომელიც არაფრით ჩამორჩება საერთაშორისო ფინანსურ ტექნოლოგიებს მომსახურების ხარისხით თუ ინოვაციურობით. ამიტომ, უზბეკეთი თავისი მასშტაბის პოტენციალის მიუხედავად, ციფრულ კონტექსტში ჯერ კიდევ საქართველოს უნდა დაეწიოს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ გვაქვს, ორიენტირებული ვართ არსებული სერვისების დახვეწაზე," - აღნიშნავს ნიკა ქურდიანი.

მისივე თქმით, ზუსტად უცნობია როდის გამოჩნდება ბაზარზე ლიცენზირებული ახალი ბანკები, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს ბაზრისთვის და ჯანსაღი კონკურენციისთვის კარგი იქნება. 

"მსგავსი ტიპის ინოვაციური მიდგომები შექმნის უფრო მეტ სტრესს არსებულ მოთამაშეებში და ჩვენც მოგვიწევს ახლებურად ფიქრი იმაზე, თუ როგორ მივიპყროთ მომხმარებლის ყურადღება.

ციფრული ბანკების მომავლის მიუხედავად, ვფიქრობ, მსგავსი ფენომენი, რომ ბანკში მისვლა საჭირო არ იყოს ვერ იარსებებს. არა იმიტომ, რომ რაღაცების ონლაინ გაკეთება შეუძლებელი იქნება, უბრალოდ ადამიანს ურჩევნია ზოგიერთ საკითხზე პირდაპირი კომუნიკაცია ქონდეს ბანკირთან. დღესდღეისობით, ჩვენი ბანკის მასშტაბით შემიძლია ვთქვა, რომ 95%-ზე მეტი ტრანზაქციული ინტერაქცია მომხმარებელთან დისტანციურად გვაქვს. შესაბამისად, ეს ტრენდი გაიზრდება და ფიზიკურ სივრცეში დარჩება მხოლოდ ისეთი საკითხები, რაც ადამიანმა ადამიანს უნდა გაუზიაროს. მართალია, ამისათვის ვიდეო ბანკინგის მომსახურება არსებობს, თუმცა ვირტუალური რეალობა ხშირად დისკომფორტს წარმოადგენს, განსაკუთრებით მაღალ შემოსავლიან სეგმენტზე ან კორპორატიულ, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებზე. ზოგადად კი, დროის დაზოგვა ძალიან კრიტიკული მგონია ყველასთვის.”- ამბობს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

რაც შეეხება იმას, რომ გამოიწვევს თუ არა ციფრული ბანკების განვითარება თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას, ნიკა ქურდიანი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ ამას მოყვება Back Office-ის ზრდა, გაციფრულდება უამრავი სერვისი და ადამიანებთან პირდაპირ კომუნიკაცია აღარ იქნება საჭირო. თუმცა, ეს თანამშრომლების შემცირებას არ გამოიწვევს, უბრალოდ მოხდება მათი გადანაწილება სხვადასხვა საქმეზე.