NGO: ვალის წილი მშპ-სთან 2002 წლის შემდეგ პირველად მიუახლოვდა 60%-იან ზღვარს
მთავრობის ვალის წილი მთლიან შიდა პროდუქტთან 2002 წლის შემდეგ პირველად მიუახლოვდა 60%-იან ზღვარს, - არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ სახელმწიფო ვალის ეკონომიკურ პარამეტრებზე მიმოხილვას აქვეყნებს.
კვლევიდან ირკვევა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი დაახლოებით 28 მლრდ ლარი იქნება, აქედან საგარეო ვალი დაახლოებით 22 მლრდ, საშინაო კი 6 მლრდ-მდეა.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით სახელმწიფო ვალი მშპ-ს 40-50%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამით ქვეყანა მომავალში გადახდისუნარიანობის პრობლემებს აირიდებს. ამავე დროს ლარის გაუფასურება ზრდის ვალის შეფარდებას მთლიან შიდა პროდუქტთან, შესაბამისად, ზრდის ვალის მოცულობას ლარში. ეროვნული ვალუტის შემდგომი გაუფასურება გამოიწვევს 60%-იანი ზღვრის გადალახვას, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებზე. ასევე შეზღუდავს მთავრობას მომავალში ახალი ვალის აღებისგან", - განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
იქვე ორგანიზაცია კითხვას სვამს რაში ხარჯავს მთავრობა აღებულ საგარეო თუ საშინაო ვალს.
"გამართლებულია, თუ ის იხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ან გრძელვადიანი ეფექტის მომცემ რეფორმებში. ვალით სოციალური ხარჯების ზრდა მიზანშეწონილი არ არის. თუმცა მთავრობები ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებებს ეკონომიკური ციკლის ნაცვლად პოლიტიკური და საარჩევნო ციკლის მიხედვით იღებენ", - მითითებულია კვლევაში.
ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წელს, ბიუჯეტის დეფიციტის წილი, რეკორდულად დიდი - 8.6%-ია. კანონმდებლობა (გარკვეული გამონაკლისების გარდა) 3%-იან ლიმიტს აწესებს. ამიტომაც, საშინაო ვალის მოცულობის მკვეთრად ზრდის შემთხვევაშიც ჩნდება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი გავლენის რისკი. რადგან მძიმე სავალო ტვირთის მქონე ქვეყნები რომლებსაც პერმანენტულად ზრდადი ბიუჯეტის დეფიციტი აქვთ ნაკლებ სანდოდ აღიქმებიან ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ.
"საზზოგადოება და ბანკებში" განმარტავენ, რომ ბიუჯეტის მზარდმა დეფიციტმა და სახელმწიფო ვალის მზარდმა წილმა მშპ-სთან მიმართებაში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებს. ასევე დიდი და ზრდადი სახელმწიფო ვალი ართულებს პოლიტიკოსებისთვის ფისკალური გადაწყვეტილების მიღებას ეკონომიკურად რთულ პერიოდში.
"არსებობს მიზეზები, სკეპტიკურად შევხედოთ აზრს, რომ სახელმწიფო ვალს იღებს სწორად გათვლილი ინვესტირებისთვის ფიზიკურ და ადამიანურ კაპიტალში. პირველი, სახელმწიფო ხარჯების ნაწილი განკუთვნილია სახელმწიფო მოხმარებისთვის (შრომის ანაზღაურება და საქონლისა და მომსახურების შეძენა), რომელიც არ მიემართება საინვესტიციო ნაკადებში და შესაბამისად არ ზრდის კაპიტალურ ნაკადებს. ხოლო მეორე მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ სახელმწიფო ცნობილია როგორც ცუდი ინვესტორი. 2007-2017 წლებში საინვესტიციო ხარჯების საშუალო წილი მთლიან სახელმწიფო ხარჯებში განუხრელად მცირდებოდა და საშუალოდ 5.7% იყო. თუმცა, 2017 წლიდან კვლავ ზრდის ტენდენცია შეინიშნება.
2007 წლიდან მთავრობის ხარჯის სახელმწიფო ვალთან შეფარდება განუხრელად მცირდება. ამას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მოთხოვნა განაპირობებს. სასურველია ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდეს", - ნათქვამია კვლევაში.
კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია:
გადაიდგას მყისიერი და მიზანმიმართული ნაბიჯები საგარეო ვალის სწრაფი ტემპით შემცირებისკენ, რაც სამომავლოდ გააუმჯობესებს საქართველოს საკრედიტო რეიტინგს და რეფორმებისთვის საჭირო ფინანსების მოსაზიდად სწორ სიგნალებს გასცემს.
ვალით მოზიდული სახსრების გრძელვადიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმართვა, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკური ზრდის საფუძველი გახდება.
ვალით მოზიდული სახსრებით სოციალური დანახარჯების და მთავრობის ხარჯის მინიმუმამდე შემცირება მომდევნო წლების განმავლობაში.
სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რაც გამოიწვევს დანაზოგების გაჩენას მოსახლეობაში, შესაბამისად სწრაფად განვითარდება კაპიტალის ბაზრები, რაც საშუალებს მისცემს მთავრობას სახელმწიფო ვალის კონცენტრირება საშინაო ვალზე მოხდეს.
ეკონომიკური გაჯანსაღება, რაც დაასტაბილურებს რყევებს და შესაბამისად ვალუტის კურსს. გამორიცხავს სავალუტო რყევებით გამოწვეულ სავალო პრობლემებს.
შემდეგი წლების მანძილზე ბიუჯეტის დეფიციტის დაბალანსება. მთავრობის ხარჯვითი ნაწილის მაქსიმალურად შემცირება.
მყარი საინვესტიციო გარემოს შექმნა იმ ფონზე, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დრამატულად მცირდება ბოლო პერიოდებში.
სახელმწიფო ქონების სრული იდენტიფიკაცია და სწრაფი პრივატიზაცია, რაც ერთი მხრივ, ბიუჯეტში დიდი მოცულობის შემოსავლებს უზრუნველყოფს, ხოლო, მეორე მხრივ, აქტივების კერძო სექტორში გადასვლით სამომავლოდ უფრო მეტ ეკონომიკურ დოვლათს შექმნის.
ძალოვანი და სასამართლო სისტემის რეფორმა გრძელვადიანი პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.