ნეპოტიზმი და საეჭვო შესყიდვები COVID-ის პერიოდში - IDFI-ის კვლევა
2020 წლის 22 ივლისიდან 30 სექტემბრის პერიოდში გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, 41-მა მუნიციპალიტეტმა 241 სკოლისათვის და 16-მა მუნიციპალიტეტმა 133 ბაღისთვის გამარტივებული შესყიდვის გზით შეიძინა სველი წერტილების მოწყობასთან დაკავშირებული მასალა და მომსახურება. კვლევას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გადაუდებელი აუცილებლობა ხშირ შემთხვევაში დასაბუთდა COVID-19-ის გავრცელების პრევენციისათვის შესაბამისი ჰიგიენური პირობების დაცვით.
გაფორმდა 235 ხელშეკრულება, ჯამურმა ღირებულებამ კი, 11,662,116.91 ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი თანხა, 1,120,452.03 ლარი, სკოლებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გამოიყენა.
მთავრობის განკარგულებით, მუნიციპალიტეტებს უფლება მიენიჭა სველი წერტილების საპროექტო-სახრაჯთაღრიცხვო მომსახურება გამარტივებული შესყიდვით განეხორციელებინა, აგრეთვე გაუქმდა მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრული ლიმიტები და მუნიციპალიტეტებს უფლება მიეცა ფაქტობრივი საჭიროების შესაბამისად შეეძინათ სველი წერტილების მოწყობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პროდუქტი თუ მომსახურება.
„გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზად სახელდება პანდემიის პირობებში ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის პრიორიტეტულობა. აღნიშნული საკითხი და შესყიდვების მასიურობა მიგვანიშნებს იმაზე, რომ პანდემიის დადგომამდე ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა სკოლებში საკმარისად არ იყო დაცული და პრიორიტეტულად არ იყო მიჩნეული. კრიზისმა აჩვენა, რომ სკოლებისა და ბაღების დიდი რიცხვი არ იყო მომზადებული გამოწვევისთვის და წინა სასწავლო წელს ბავშვთა გარკვეულ რაოდენობას უწევდა ისეთ სკოლასა თუ ბაღში სწავლა, სადაც სველი წერტილები არ აკმაყოფილებდა მინიმალურ სტანდარტებს“, - აცხადებენ IDFI-ში.
„ამასთან, მნიშვნელოვანია რამდენად კეთილსინდისიერად მოხდა აღნიშნული თანხების გამარტივებული ხელშეკრულებებით გადანაწილება“,- დასძენენ ორგანიზაციაში.
IDFI ნეპოტიზმზეც ამახვილებს ყურადღებას.
ორგანიზაციის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ ბაღებისა და სკოლების სველი წერტილების გარემონტების შესყიდვებიდან 3 ხელშეკრულება გაუფორმდა ოდერი არქანიას, რომელმაც ჯამში 67,000 ლარამდე მიიღო. ოდერი არქანია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა არქანიას მამაა. ის 2013 წლიდან იღებდა გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.
შპს მშენჯგუფი 777-ს გაუფორმდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2 ხელშეკრულება, 41,000 ლარამდე ჯამური ღირებულებით. კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი დიმიტრი შელიაა, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, თემურ ღვინჯილიას ბიზნესპარტნიორია შპს “შე-ლიში”.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 23,000 ლარამდე ღირებულების ორი ხელშეკრულება გაუფორმდა გიგა ფიფიას, რომელიც ამავდროულად ფიქსირდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფონდის ფინანსური ანგარიშ ბრუნვის 13.10-31.10.2020 პერიოდის დეკლარაციაში. მას ანაზღაურების სახით 510 ლარი გადაეცა, თუმცა რა მომსახურებას უწევდა „ქართულ ოცნებას“, უცნობია.
გიგა ფიფიას იდენტური შემთხვევა ფიქსირდება მარნეულის მუნიციპალიტეტში. ი/მ ასრად მუსაევს, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფონდის ფინანსური ანგარიშ ბრუნვის დეკლარაციაში ფიქსირდება, გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმდა, რომლის ღირებულებამ 30 000 ლარზე მეტი შეადგინა. იგივე შემთხვევა ფიქსირდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შემთხვევაშიც, რომელმაც გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება დაუდო ი/მ მამიკონ ჰოვანესიანს. ღირებულებამ 63 000 ლარს გადააჭარბა. „ქართული ოცნების“ 2017 წლის საარჩევნო კამპანიის ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, ჰოვანესიანს ოცნებისგან ანაზღაურების სახით 312.5 ლარი აქვს აღებული.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ 34,000 ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმა შპს “მეგარონს”. კომპანიის დირექტორია ზურაბ ქაფიანიძე. მისი მეუღლე, ოლია ხოხობაშვილი ახმეტის მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი. მისი 2014 წლის დეკლარაციის თანახმად, ქაფიანიძე ახმეტის საკრებულოს ფრაქცია „ახმეტელების” თავმჯდომარე იყო, ამავე პერიოდში კი მისი შვილი, ბექა ქაფიანიძე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ლოჯისტიკისა და მონიტორინგის ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
2020 წლის 5 ივნისს შესყიდვების სააგენტოს მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის შემდგომ შესათანხმებლად. გადაუდებელი აუცილებლობა გამოიწვია COVID-19-მა და აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში მოხდა ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონიდან სავალდებულო იზოლაციის პროცედურა გავლილი მოქალაქეების საცხოვრებელ ადგილებზე გადაყვანა. 10,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმდა ინდივიდუალურ მეწარმე ხუტა პროკოპენკოს, რომელიც ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ზაზა პროკოპენკოს მამაა.
ს.ს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა, ელექტრონული ტენდერით შერჩეულ მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, 25 მარტს გამარტივებული შესყიდვით შეიძინა 5,773 ლარის პროდუქტები, მათ საკარანტინო სივრცეში მყოფი პირების გამოსაკვებად. კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა შპს „ლუკა 2005“-ია, რომელიც 2019 წლის ივლისში დაფუძნდა. 2020 წელს გამარტივებული შესყიდვების გზით 5 ხელშეკრულებაა აქვს მიღებული, რომელთა საერთო ღირებულება 285,000 ლარია და ყველა მათგანი საკვებით მომარაგების მომსახურებას უკავშირდება. კომპანიის 100% წილის მფლობელია იაშა ჩაჩუა, დირექტორი კი - ნუკრი მეფარიშვილი. ორივე მათგანმა 2018 წლის 14 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს შესაბამისად 60,000 და 10,000 ლარი შესწირეს. ჩაჩუასა და მისი პარტნიორების ერთ-ერთ კომპანიას, შპს ილი ჯგუფს 2018-2020 წლებში 92 მლნ. ლარზე მეტის ელექტრონული ტენდერი უკონკურენტოდ აქვს მოგებული.
15 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 7 ხელშეკრულება გააფორმა, რომელთა ჯამური ღირებულება 730,000 ლარამდეა, მიზნობრიობად კი კორონავირუსისას სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის “სასურსათო კალათით” უზრუნველყოფაა. მფლობელი ერთ-ერთი სააქციო საზოგადოების, პონტო
ჰოლდინგის დირექტორი, გიორგი ბერიანიძე „ქართული ოცნების“ შემომწირველია. მან 2017 წელს მმართველ პარტიას 10,000 ლარი შესწირა. ჯამში, კომპანიამ პანდემიის პერიოდში, 2020 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით, გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებით 1 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.
შპს GEONET EXPO-სთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება 11 მაისს გააფორმა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, შპს GEONET EXPO-ს ჯანდაცვის სამინისტროსათვის 63,000 ცალი ქირურგიული ხალათი უნდა მიეწოდებინა, ჯამური ღირებულებით 497,700 ლარი (ერთეულის ღირებულება 7,90 ლარი). ეს არის კომპანიის ბოლო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება. IDFI-ში აცხადებენ, რომ ამ კომპანიის წესდებიდან ჩანს, მისი საქმიანობის სფერო სამედიცინო მოწყობილობებს არ მოიცავს.
„კვლევის შედეგად გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს, რომ პანდემიის პერიოდში განხორციელებული გამარტივებული შესყიდვები ზოგ შემთხვევაში ფორმდებოდა გამოუცდელ ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. წალენჯიხისა და ზუგდიდის შემთხვევებმა ნათლად გამოკვეთა, რომ მუნიციპალიტეტებში ხშირად გამარტივებული შესყიდვები გამოიყენება თანამდებობის პირებისა თუ მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორებისათვის ხელშეკრულებების გასაფორმებლად. მნიშვნელოვანია, გამარტივებული შესყიდვების განხორციელებისას მიმწოდებლის არჩევის პროცესი გამჭვირვალე იყოს, რაც უზრუნველყოფს მიმწოდებლის კონკურენტულ შერჩევას.
ამასთან, პანდემიის გამო სკოლებისა და ბაღების სველი წერტილების გადაუდებელი აუცილებლობით შეკეთების საჭიროება შესაძლოა მიუთითებდეს, რომ მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰიგიენური ნორმების დაცვა უზრუნველყოფილი არ არის და საჭიროებს სისტემურ მიდგომას“,- აღნიშნულია IDFI-ის დასკვნაში.