ფინანსები
18/10/2023

ნათია თურნავა: მოლოდინია, რომ საქართველოში სსფ-ის პროგრამა ოპერატიულად აღდგება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, მოლოდინია, რომ საქართველოში სავალუტო ფონდის პროგრამა ოპერატიულად აღდგება.

„პროგრამის აღდგენას ველოდებით სწრაფად ოპერატიულად, მე გამიჭირდება ვადების დასახელება. თუმცა, ჩენთვის, ჩვენი საერთაშორისო რეიტინგებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენა. მე ძალიან დადებითი და პროდუქტიული შეხვედრები მქონდა მარაქეშში, სადაც ტარდებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრა. ამ შეხვედრების ფარგლებში დავინახე მკაფიო სურვილი და ნება რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის რომ პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად გააქტიურდეს.

მოგეხსენებათ, გაზაფხულის შემდეგ ეს პროგრამა არის დაპაუზებული. გარკვეული შენიშვნები გამოთქვა სავალუტო ფონდმა. ჩვენ გვყავს სავალუტო ფონდის მხრიდან გამოყოფილი ტექნიკური დახმარების ჯგუფი, რომელიც გვეხმარება საკანონმდებლო ცვლილებების შემიუშავებაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილებები იქნება წარდგენილი მთავრობაში და პარლამენტში.“-აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები პირველ რიგში, ეროვნული ბანკის ბორდის უფლებამოსილების და საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით განხორციელდება.

„ეს ცვლილებები, რომელიც მათი რეკომენდაციით მზადდება, გააძლიერებს ინსტიტუტის დამოუკიდებლობას მათ შორის ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს საზედამხედველო ფუნქციას. ეს შემიძლია ვთქვა ამ ეტაპზე.“-აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ მხარდაჭერილი სამწლიანი პროგრამა 2022 წლის ივნისში დაიწყო და მის ფარგლებში საქართველოს საჭიროების შემთხვევაში, 280 მილიონი დოლარის ფინანსებზე გაუჩნდებოდა წვდომა.

Businesspartner