ფინანსები
12/06/2020

მულტისავალუტო რეჟიმი ეკონომიკაში რისკებს გაზრდის - კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმ რისკებზე საუბრობს, რომელიც მულტისავალუტო რეჟიმს ახლავს. 

კობა გვენეტაძე განმარტავს, რომ პირობებში ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ვალუტების მერყეობა ერთმანეთის მიმართ მნიშვნელოვნად გაზრდის ეკონომიკაში რისკებს.

„მულტისავალუტო რეჟიმი, მისი ზედაპირული მიმზიდველობის მიღმა, არაერთ პრობლემასთანაა დაკავშირებული. მულტისავალუტო რეჟიმის შემოღება მნიშვნელოვნად გაზრდის უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულებას, რაც, ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის მუდმივი დეფიციტით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ასევე, მულტისავალუტო რეჟიმის პირობებში ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ვალუტების მერყეობა ერთმანეთის მიმართ მნიშვნელოვნად გაზრდის ეკონომიკაში რისკებს, დასაქმებას და შემოსავლების ზრდას უფრო მერყევს გახდის, რითაც გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას შეამცირებს.

რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, მისი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის გრძელვადიანობა. ხოლო, როდესაც ინვესტორი გრძელ ვადას უყურებს, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკური ზრდის რისკები, ვიდრე კურსის მოკლევადიანი რყევების რისკები. ამდენად, თუნდაც მხოლოდ უცხოელი ინვესტორის თვალთახედვითაც რომ შევხედოთ, ეკონომიკური მერყეობის რისკების ზრდა, ბუნებრივია, მიმზიდველი ვერ იქნება.

დამატებით, მულტისავალუტო რეჟიმის დროს, ასევე, იზრდება ტრანზაქციული ხარჯებიც (წარმოიდგინეთ, რამდენად ხშირი შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც მარტივი ტრანზაქცია დაკავშირებული იქნება ვალუტების გადაცვლასთან, რადგან ტრანზაქციის მონაწილეები სხვადასხვა ვალუტით ოპერირებენ). გარდა ამისა, ამ დროს ფული კარგავს მის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას - აღრიცხვის საშუალებას, ვინაიდან საჭირო გახდება ყველა ფასის ყველა ვალუტაში მითითება.

და ბოლოს, ფულს აქვს ძალზედ ძლიერი ქსელური ეფექტები (network externalities): ეკონომიკური აგენტები იყენებენ იმ ვალუტას, რომელსაც სხვებიც იყენებენ - არცერთი რაციონალური ეკონომიკური აგენტი არ დაადგენს მისი პროდუქტის ფასს ან ხელფასს ისეთ ვალუტაში (თუნდაც უცხოურში), რომელსაც ყველა დანარჩენი არ იყენებს. შესაბამისად, თუკი ჩვენ მულტისავალუტო რეჟიმს დავუშვებთ, საბოლოო ჯამში (საკმაოდ მნიშვნელოვანი ტრანზაქციული დანახარჯების შემდეგ), ქვეყანაში ისევ ჩამოყალიბდება სიტუაცია, სადაც ერთი ვალუტა ძირითადია, ხოლო 2-3 - დამხმარე. ხოლო ძირითად ვალუტად, როგორც წესი, ქვეყანაში ყალიბდება ის, რომელშიც მთავრობა აგროვებს გადასახადებს - ანუ ლარი. ჩვენ, უბრალოდ, დავუბრუნდებით დღევანდელობას, ოღონდ ძვირი და არასაჭირო ექსპერიმენტის ხარჯზე.

ზემოთჩამოთვლილი პრობლემების გამო, მულტისავალუტო რეჟიმები ძალიან იშვიათად გვხდება. იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს, მაგალითად, ზიმბაბვე, სადაც ეს რეჟიმი შარშან ივნისში გაუქმებულა“, - წერს სოციალურ ქსელში კობა გვენეტაძე.

 

Businesspartner