ფინანსები
04/01/2023

მთავრობამ კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

მთავრობამ კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

როგორც საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული  საქართველოს ეროვნულ ბანკს ეთხოვა შესაბამისი აქტივობების განხორციელება. 

საუბარია, 2023-2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის 2023 -2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.

დოკუმენტის მიხედვით, სტრატეგია განსაზღვრავს ახალი საზედამხედველო, მარეგულირებელი და საკანონმდებლო აქტების თანამიმდევრული შემოღების ჩარჩოს, რაც მნიშვნელოვანია ბაზრის მონაწილეებისათვის გამჭვირვალე და განჭვრეტად გარემოში ოპერირებისათვის. სტრატეგია შესაბამისობაშია საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-თან და აღნიშნული სტრატეგიის ეკონომიკური განვითარების მიმართულების მე-5 მიზანთან ასევე, 2021-2024  წლების საქართველოს სამთავრობო პროგრამასთან "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის".

სტრატეგიის შემუშავება მოხდა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების (მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, და საქართველოს ეროვნული ბანკი, კერძო სექტორის წარმომადგენლების (მათ შორის საქართველოს საფონდო ბირჟა), აზიის განვითარების ბანკის ექსპერტებისა და კონსულტანტების აქტიური ჩართულობით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დღესდღეობით, ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე სახელმწიფო საწარმოს მიერ არცერთი ფასიანი ქაღალდი არაა გამოშვებული. ამას განაპირობებს სახელმწიფო საწარმოების კორპორატიული მმართველობის არასათანადო დონე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან მიმართებით.

ამას ემატება ის ისტორიული გარემოება, როდესაც სახელმწიფო საწარმოების დიდი ნაწილის პრივატიზირება მოხდა საფონდო ბირჟის დაარსებამდე.

ამჟამინდელი სახელმწიფო საკუთრებაშია 346 საწარმო, რომლებიდანაც 2020 წელს 22-ს გააჩნდა 20 მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა. შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოების ფასიანი ქაღალდების ემისიების გზით კაპიტალის ბაზარზე ჩართულობის აშკარა პოტენციალი არსებობს, რომლის რეალიზება არ ხდება.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2028 წლისთვის საქართველოს კაპიტალის ბაზარი გადაიქცევა რეგიონში მოწინავე კაპიტალის ბაზრად. სახელმწიფო და არასახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი რეგიონის ქვეყნებს შორის იქნება მოცულობითა და ლიკვიდურობით გამორჩეული. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი საყრდენი გახდება საქართველოს კაპიტალის ბაზარი.

Businesspartner