მთავრობა: პენსიები და სოციალური დახმარებები კარგი საბანკო პირობებით უნდა გაიცეს
პენსიების, სახელმწიფო კომპენსაციებისა და სოციალური დახმარებების კარგი საბანკო პირობებით განსაზღვრაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი კომისიის პირველ სამუშაო შეხვედრაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა, აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, როგორც პენსიები, ისე სხვა სახელმწიფო კომპენსაციები და სოციალური დახმარებები მაქსიმალურად კარგი პირობებით გაიცეს.
უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებმა, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. კომისიის საქმიანობაში ჩართულია საქართველოს ეროვნული ბანკი.
ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის 28 ივლისის დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია მუშაობას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს და რეგულარულად შეიკრიბება.
კომისიის მიზანია, პენსიის, სხვადასხვა სახის სახელმწიფო კომპენსაციისა თუ დახმარების დარიგების არსებული სისტემის შესწავლა, ამ პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და ანალიზი. კომისია ასევე შეიმუშავებს შესაბამის საკონკურსო პირობებს მოსახლეობის სახელმწიფო გასაცემლებით უზრუნველყოფის საბანკო დაწესებულებების გამოსავლენად.