ფინანსები
12/04/2021

მთავრობა ევრობონდების გამოშვებისთვის მზადაა - კვირის ბოლოს გამარჯვებული ინვესტორი გამოვლინდება

მთავრობა ევრობონდების გამოშვებისთვის მზადაა. 

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, ევრობონდების გამოშვებასთან დაკავშირებით ამ კვირაში შესაბამისი პროცედურები განხორციელდება.

"კვირის ბოლოს გამარჯვებული ინვესტორები გვეყოლება, რომლებიც შეისყიდიან ჩვენს ფასიან ქაღალდებს და მომდევნო კვირაში ჩამოირიცხება ის თანხები, რაც ახალი ობლიგაციების გამოშვებით უნდა მივიღოთ", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ევრობონდების გამოშვების პროცესში სამი ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი JP Morgan, Goldman Sachs და ICBC ჩაერთვება.

საინვესტიციო ბანკები სპეციალურმა კომისიამ 10 საერთაშორისო საინვესტიციო ბანკიდან წარდგენილი შეთავაზებების მიხედვით შეარჩია.

გარდა ამისა, ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის, მიზანშეწონილად ჩაითვალა პროცესში ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების ჩართვა, რისთვისაც თანამონაწილის სტატუსით შეირჩა - Galt & Taggart და TBC Capital.

2011 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველომ 10 წლიანი დაფარვის ვადით $500 მლნ-ის ევროობლიგაცია განათავსა. ფინანსთა მინისტრის თქმით, ევრობონდები უკვე ბიუჯეტიდან დაფარულია. 

"სწორედ მთავრობის ვალის ეფექტიანი მართვიდან გამომდინარე, რაც მთავრობის ვალის პორტფელში რეფინანსირების რისკების შემცირებას გულისხმობს, არსებული ევრობონდების თანხის დაფარვისთვის საჭიროა ფინანსური რესურსის მოზიდვა ახალი ევრობონდის გამოშვებით", - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა აპრილის დასაწყისში.