
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოზიციაზე როლანდ პრაისი საქმიანობას 1 სექტემბრიდან შეუდგება
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა საქართველოში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ბიზნესპარტნიორი" უცვლელად გთავაზობთ:
"გაცნობებთ, რომ მსოფლიო ბანკის მოქმედი რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი რეგიონში თავის ოთხწლიან მისიას ასრულებს.
ივლისიდან ის ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის სათაო ოფისში გააგრძელებს მუშაობას ინფრასტრუქტურის გლობალური ჯგუფის სტრატეგიისა და ოპერაციების დირექტორის პოზიციაზე.
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოზიციაზე სებასტიან მოლინეუსს როლანდ პრაისი შეცვლის, რომელიც საქმიანობას ოფიციალურად 1 სექტემბრიდან შეუდგება.
ამჟამად როლანდ პრაისი მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენელია რუანდაში. ქ-ნი პრაისი, რომელიც იამაიკის მოქალაქეა, მსოფლიო ბანკის ჯგუფს 2006 წელს შეუერთდა, როგორც ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში. ის ბანკს წარმოადგენდა ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში, ისევე როგორც საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებსა და წყნარი ოკეანის აუზის კუნძულებზე.
იგი ახდენდა სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფას ფინანსების, ინფრასტრუქტურისა და კერძო სექტორის მიმართულებით. მსოფლიო ბანკში მუშაობის დაწყებამდე ის იყო იამაიკის მთავრობის მრჩეველი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
პრაისი ფლობს ლონდონის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო სამართალში; მას მიღებული აქვს სამართლის დოქტორის წოდება მაიამის უნივერსიტეტში და აქვს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნესსა და მათემატიკაში,"-ნათქვამია განცხადებაში.