ფინანსები
22/02/2021

მომხმარებელთა შეცვლილი ქცევა - ონლაინ გადახდების მაჩვენებელი გაორმაგებულია

ინტერნეტით საბანკო ოპერაციები მკვეთრ ზრდას აჩვენებს. იანვარში ინტერნეტით 8 413 999 ოპერაცია განხორციელდა, 2-ჯერ მეტი 2020 -ის იანვართან შედარებით (4 084 155).

1.8-ჯერ არის გაზრდილი ოპერაციების მთლიანი მოცულობა, რაც 1 თვეში 515.3 მლნ ლარს შეადგენდა. 2020 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 280.5 მლნ ლარი იყო.

2020-ის ივლისიდან ინტერნეტით განხორციელებული საბანკო ოპერაციების მოცულობს 300 მილიონზე მეტია. პიკური დეკემბერი იყო - 554.2 მლნ ლარით.

იანვარში ქართული საბანკო ბარათებით საქართველოს ტერიტორიაზე 33 759 353 ოპერაცია განხორციელდა 2.63 მლრდ ლარის მოცულობით, საზღვარგარეთ 2 187 590 ოპერაცია იყო შესრულებული 192.66 მლნ ლარით.

ეროვნულ ბანკში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, რომ უნაღდო გადახდის ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებით მომხმარებელთა ქცევა საგრძნობლადაა შეცვლილი.

„ უკანასკნელი წლების განმავლობაში, შეინიშნება მომხმარებლების ქცევის ცვლილება უნაღდო გადახდის ინსტრუმენტებთან მიმართებაში. ამ მხრივ მომხმარებლებში ყველაზე პოპულარულია საბარათე ინსტრუმენტები, რომლებიც ძირითადად მცირე თანხების გადასახდელად გამოიყენება. ბოლო პერიოდში ამ ინსტრუმენტით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობის წლიური ზრდა 45%-ს აჭარბებს და ბოლო მონაცემებით უნაღდო გადახდების 80%-ზე მეტია. ასევე იზრდება საბანკო გადარიცხვების გამოყენება. მათი რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 18-20%-ით იზრდება, თუმცა თანხობრივად უნაღდო გადახდების 70%-ს აჭარბებს. ამგვარად მომხმარებელი შედარებით მსხვილი გადახდებისას უპირატესობას ანიჭებს საბანკო გადარიცხვებს, სადაც ძირითადი წილი ინტერნეტ-ბანკის გადახდებზე მოდის, ხოლო თანხობრივად შედარებით მცირე, საცალო გადახდებისას ძირითადად საბარათე ინსტრუმენტებს იყენებს.

რაც შეეხება ნაღდი ფულის გამოყენებას, ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საბანკო ანგარიშებიდან (მათ შორის ბანკომატებიდან) თანხის გატანა გაცილებით უფრო ნელი ტემპებით იზრდება, ვიდრე უნაღდო გადახდები, რაც ვფიქრობთ, ასევე ასახავს ზოგად ტენდენციას, რომ მომხმარებლის ქცევა იცვლება უნაღდო გადახდების მიმართ", - განმარტავენ ბანკში.