ფინანსები
07/12/2020

მომხმარებელს სესხის აღებისას მისთვის სასურველი სადაზღვევო კომპანიის არჩევა შეეძლება

,,ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ  კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეროვნულ  ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალა. კანონში ცვლილებას,  წლებია ითხოვდა სადაზღვევო სექტორი და ამის მიზეზად, ბანკების მხრიდან მომხმარებელთა უფლებებისა და კონკურენციის პრინციპების სისტემატურ დარღვევას ასახელებდა.  

სადაზღვევო კომპანია  Unison-ის გენერალური დირექტორი  ვასილ ახრახაძე ,,ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ  ხშირი იყო შემთხვევები, როცა  კომერციული ბანკები უარს ეუბნებოდნენ მომხმარებლებს,  კონკრეტული სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული დაზღვევის პოლისის  მიღებაზე.

,,ბანკი აღიარებდა მხოლოდ მისი შვილობილი, ან მასთან მჭიდროდ აფილირებული სადაზღვევო კომპანიის პოლისებს და მომხარებლებს სადაზღვევო სერვისებს გაცილებით მაღალ ფასად სთავაზობდა, ვიდრე ეს საბაზრო ღირებულებით იყო გათვალისწინებული.  შედეგად,  ამით არღვევდა როგორც  მომხმარებლის  უფლებებს, რომ ესარგებლათ თავისუფალი არჩევანის პირობით, ასევე ირღვეოდა კონკურენციის პრინციპები.  ხოლო ახალი  ცვლილებით,  მომხმარებელს საშუალება ექნება, რომ ბანკთან სასესხო ვალდებულების აღებისას, მისთვის სასურველი სადაზღვევო კომპანია აირჩიოს“   -  განაცხადა ვასილ ახრახაძემ.  

 ახალი  ცვლილებით,  ეროვნული ბანკი  უფლებამოსილია  კონკურენციის დამრღვევს  დააკისროს  ფულადი ჯარიმა, რომელიც  ,,კონკურენციის შესახებ“ კანონით არის გათვალისწინებული.  ასევე შესაძლებელია გამოიყენოს  სხვა  სანქცია, ან საზედამხედველო  ზომა.  გადაწყვეტილების მიღების პროცესში  ასევე აქტიურად ჩართული იქნება  ,,კონკურენციის  სააგენტო“.  იმ შემთხვევაში, თუ პირობითად რომელიმე კომერციულმა  ბანკმა  დაარღვია კონკურენციის პრინციპები  რომელიმე სადაზღვევო კომპანიასთან მიმართებით, თუმცა,  არ აღიარებს კანონით  დაკისრებულ  სანქციებს, ამ შემთხვევაში დავა სასამართლოში გადაინაცვლებს.

Businesspartner