მიკროსაფინანსოებს მოზიდული ფინანსური რესურსი გაუძვირდათ
მიკროსაფინანსოებს მოზიდული ფინანსური რესურსი გაუძვირდათ.
როგორც კომპანია MBC-ის გენერალური დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანიების ნაწილი მოგების ზღვარზე მუშაობს.
„ერთ წელზე მეტია, ჩვენი ტიპის კომპანიებს გაუძვირდათ როგორც ადგილობრივი რესურსი ლარში, ისე უცხოური წყაროებიდან, საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრები. ყოველივე ეს იწვევს კომპანიების მარჟების მკვეთრად შემცირებას და ვხედავთ, რომ პრაქტიკულად მომგებიანობის ზღვარზე ვმუშაობთ. მიუხედავად იმისა, რომ გვიძვირდება რესურსი, არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს გამოწვევა სესხების საპროცენტო განაკვეთში ავსახოთ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, თუმცა მთავარი არის ის, რომ მაღალი განაკვეთები ნიშნავს მაღალ რისკებს და პორტფელის ხარისხის გაუარესებას,“ - აღნიშნა გია პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, უკვე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ გაცილებით უფრო მომგებიანები არიან სამომხმარელო დაკრედიტებაზე ორიენტირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ვიდრე ბიზნესდაკრედიტებაზე ორიენტირებული კომპანიები.
„ჩემი აზრით, ეს დასაფიქრებელია. რადგან ყველა ის ცვლილებები, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა, პირიქით ბიზნესდაკრედიტების ზრდას გულისხმობდა,“ - განმარტა გია პეტრიაშვილმა.
ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სამი კვარტლის მონაცემებით, 1 მლრდ 527 მლნ ლარის სესხი აქვთ გაცემული. დაკრედიტების უდიდესი წილი ფიზიკურ პირებზე მოდის და ჯამში მილიარდ 498 მლნ ლარს შეადგენს. იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა კი მხოლოდ 29 მლნ ლარია.