მიკრობანკის მიმზიდველობა - MBC-ის ლიცენზიის მოპოვება სურს
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვების სურვილი აქვს. როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი, გია პეტრიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, ამის ერთ-ერთი მიზეზი სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემის პერსპექტივაა.
„მიკრობანკის შემთხვევაში სესხების ზედა ზღვარი შესაძლებელია გაიზარდოს და 100 000-დან 0,5 მლნ ლარი გახდეს. ასეთ შემთხვევაში გაჩნდება ის ფანჯარა, სადაც მიკრობანკებს როგორც ლარში, ასევე დოლარში სესხის გაცემას შეძლებენ. ზუსტად ეს არის ერთ-ერთი მიმზიდველობა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენთვის საინტერესო იქნება მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვება. ჩვენ გვინდა, რომ უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა შეგვეძლოს და ეს ამისთვის ძალიან კარგი საშუალება იქნება. ჩვენი სახსრების ნახევარზე მეტი უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაა მოზიდული. ეს გახლავთ უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრები. იმის გამო, რომ ჩვენ არ გვქონდეს აცდენა ვალუტების მიხედვით მოზიდულ სახსრებსა და აქტივების სტრუქტურას შორის, სასურველია, რომ ჩვენი დაბანდების იგივე წილი იყოს უცხოურ ვალუტაში“,- აღნიშნა პეტრიაშვილმა.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა გასული წლის ბოლოს დააანონსა ე.წ მიკრობანკის ლიცენზიების გაცემის შესაძლებლობა.
საფინანსო ინსტიტუტების მარეგულირებელი ამ ეტაპზე ნორმატიული აქტების შემუშავებაზე მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეეძლებათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ლიცენზიის მოპოვების შესახებ განაცხადის გაკეთება.
მისო-ების ნაწილი ვარაუდობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული დოკუმენტი წლის ბოლომდე მზად უნდა იყოს.